თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე შვილიშვილის, პატარა მარიამის პირველ ფოტოს აქვეყნებს.
„როგორც იქნა შევხდით ერთმანეთს... მარიამ“, – დაწერა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა შვილიშვილის შეძენის შესახებ საზოგადოებას 26 ნოემბერს ამცნო.
View this post on Instagram
„დაიბადა მარიამ გუგუშვილი (გორჯესტანი)“ – წერდა პრეზიდენტი მაშინ „ინსტაგრამზე“. სალომე ზურაბიშვილი ბებია 68 წლის ასაკში გახდა. მარიამი პრეზიდენტის საფრანგეთში მცხოვრები ვაჟის თეიმურაზის პირველი შვილია.
პრეზიდენტის ვაჟმა თეიმურაზ გორჯესტანმა გასულ წელს ფრანგ გოგონაზე, კონსტანსაზე იქორწინა. წყვილმა გრანდიოზული ქორწილი საქართველოში გადაიხადა.
როგორც ცნობილია, სალომე ზურაბიშვილის შვილები – ქალ-ვაჟი ქეთევანი და თემური საფრანგეთში, პარიზში გაიზარდნენ, იქ, სადაც დაიბადა და გაიზარდა მათი დედა, ქართველი ემიგრანტების ოჯახში. ცნობილია, რომ პოლიტიკოსი ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის შთამომავალია, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის მოღვაწის, წლების მანძილზე საფრანგეთის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარის ლევან ზურაბიშვილის შვილი. მას შვილები პირველ მეუღლესთან შეეძინა.