14:50 27 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0032
  • 100 RUB4.3714
  • USD3.3011
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
52 0 0

მსოფლიოს ქრისტიანების დიდი ნაწილი დღეს ქრისტეშობას ზეიმობს. წლევანდელი კათოლიკური შობა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების პირობებში აღინიშნება.

თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ დღესასწაული მიულოცეს ქრისტიანების იმ ნაწილს, ვინც დღეს აღნიშნავს შობას.

პრემიერ-მინისტრმა მორწმუნეებს ჯანმრთელობა, მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.

„ქრისტეშობას ვულოცავ ყველა იმ კონფესიის წარმომადგენელს, ვინც 25 დეკემბერს აღნიშნავს ამ უდიდეს დღესასწაულს. მაცხოვრის შობას სიკეთე და სიყვარული მოაქვს ადამიანების გულებში. სწორედ სიკეთე, სიყვარული და ერთმანეთზე ზრუნვაა ის უმთავრესი ძალა, რაც ასე სჭირდება დღეს კაცობრიობას უხილავ მტერზე გამარჯვებისთვის“, – აღნიშნა გახარიამ.

იმ თანამოქალაქეებს, რომლებიც დღესასწაულს დღეს აღნიშნავენ, საქართველოს პარლამენტის სახელით ულოცავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეც. 

„საქართველოს პარლამენტის სახელით ჩვენს თანამოქალაქეებს და ყველას, ვინც 25 დეკემბერს შობის დღესასწაულს ზეიმობს, ვულოცავ! განსაკუთრებით ვულოცავ 2020 წლის გმირებს – ექიმებს და ექთნებს, პოლიციელებს და ჯარისკაცებს, სპეციალური სამსახურების თანამშრომლებს! გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას და ბედნიერებას! ნათელი მომავლის საწყისი ყოფილიყოს შობა თქვენთვის!" – დაწერა თალაკვაძემ Facebook-გვერდზე.

კათოლიკეებს დღესასწაული მიულოცა ასევე თბილისის მერმა კახა კალაძემ.

„შობა–ახალი წლის საზეიმო განწყობა გვავიწყებს ამ მძიმე წლის პრობლემებს, გვათბობს და გვამხნევებს. ვულოცავ ყველას აქ – დედაქალაქში და ჩვენი ლამაზი ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში! აგრეთვე ვულოცავ ჩემს მეგობრებს უკრაინასა თუ იტალიაში ამ ყველასთვის საყვარელ ზეიმს! სიმშვიდისა და ბედნიერების დასაწყისი ყოფილიყოს ყველასთვის ეს ჯადოსნური ღამე. გილოცავთ“, – წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.

მსოფლიოს ქრისტიანების დიდი ნაწილი დღეს ქრისტეშობას ზეიმობს. არსებული ეპიდვითარების გამო საქართველოს ტაძრებში ღამისთევის ლიტურგია „კომენდანტის საათის“ დაწყებამდე, საღამოს 9 საათამდე შესრულდა. კათოლიკურ ეკლესიაში მსახურება ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ ჩაატარა. კოვიდ-პანდემიის გამო მსახურება დადგენილი წესების დაცვით ჩატარდა.

25 დეკემბერს შობას აღნიშნავენ კათოლიკური, პროტესტანტული, ევანგელისტურ-ლუთერანული, ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიები და მართლმადიდებლური ეკლესიების ნაწილი, მათ შორის საბერძნეთში, რუმინეთსა და ბულგარეთში.

მთავარი თემები