თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით 24 დეკემბრიდან ახალი შეზღუდვები შევიდა ძალაში.
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით პერიოდში იმოქმედებს შემდეგი შეზღუდვები:
– თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში იკრძალება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა;
– იკრძალება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება;
– იკრძალება კულტურული და გასართობი ღონისძიებების გამართვა;
– მთელი ქვეყნის მასშტაბით იკრძალება კვების ობიექტებისა და რესტორნების მუშაობა, გარდა გატანის სერვისისა;
– იკრძალება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში გადაადგილება, გამონაკლისია მხოლოდ 31 დეკემბერი–1 იანვრის ღამე;
– მაღაზიებს უფლება ექნებათ იმუშაონ 07:00 საათიდან 19:00 საათამდე, გამონაკლისია სასურსათო მაღაზიები, ზოომაღაზიები, აფთიაქები, ვეტაფთიაქები, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიები და პრესის ჯიხურები. მაღაზიებში მომხმარებელი დაიშვება პრინციპით: 20 კვადრატულ მეტრზე ერთი ადამიანი.
3 იანვარი – 15 იანვარი
საქართველოს მასშტაბით უქმეები ცხადდება, იმუშავებს მხოლოდ ბანკები და სტრატეგიული მნიშვნელობის სერვისები და ობიექტები.
იმოქმედებს დამატებითი შეზღუდვები:
– იკრძალება რესტორნების მუშაობა, გარდა ე.წ. „დელივერი სერვისისა“;
– იკრძალება სპორტ–დარბაზებისა და აუზების მუშაობა;
– იკრძალება ყველა სახის კონფერენციის, ტრენინგების, კულტურული, გასართობი ღონისძიებების ჩატარება, გარდა ონლაინ–ფორმატისა;
– იკრძალება სპორტული, სამხატვრო, კულტურული წრეებისა და სტუდიების მუშაობა;
– თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში იკრძალება სავაჭრო ობიექტების მუშაობა, გამონაკლისია სასურსათო მაღაზიები, ზოომაღაზიები, აფთიაქები, ვეტაფთიაქები, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიები და პრესის ჯიხურები.
16 იანვარი – 31 იანვარი
მუშაობას განაახლებს საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტი, სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები (გარდა უქმეებისა).
შეზღუდვები არ ეხება:
– სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას;
– საბანკო და საფინანსო საქმიანობას;
– სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობას;
– დელივერსა და გატანის სერვისებს;
– სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებს;
– ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს;
– საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს;
– აგრარულ ბაზრებს.