13:23 16 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
166 0 0

„ლილო მოლის“ ადმინისტრაციის განცხადებით, 28 ნოემბრიდან დაწესებულმა შეზღუდვებმა პირდაპირი გავლენა იქონია მეწარმეთა შემოსავალზე და დიდი ზარალი მიაყენა მათ.

თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. „ლილო მოლი“ საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დისკრიმინაციულს უწოდებს და ორი დღით გახსნის და მუშაობის ნებართვას ითხოვს, შესაბამისი განცხადება სავაჭრო ობიექტის Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა. 


ეპიდვითარების გაუარესების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა. იმ დღიდან ყველა სავაჭრო ცენტრი და ბაზრობა (გარდა აგრარული ბაზრისა) დაკეტილია. მთავრობის მაშინდელი გადაწყვეტილებით, საახალწლო დღესასწაულებთან დაკავშირებით 24 დეკემბრიდან - 2 იანვრამდე შეზღუდვები უნდა მოხსნილიყო, კერძოდ მთელი ქვეყნის მასშტაბით მუშაობას განაახლებდნენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ტიპის ბაზრები. აღდგებოდა საქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. თუმცა, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქება სრული მოცულობით არ განხორციელდება და ღია და დახურული ტიპის ბაზრობებს არ შეეხება.

„საკოორდინაციო საბჭოს გუშინდელი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენთვის აუხსნელი და გაუგებარია, ამ სექტორში დასაქმებულ მეწარმეთა ერთი ნაწილის მიმართ დისკრიმინაციული ხასიათისაა“, - ნათქვამია განცხადებაში.

„ლილო მოლის“ ადმინისტრაცია საკოორდინაციო საბჭოს მოუწოდებს, მხოლოდ ორი დღით – 26 და 27 დეკემბერს – მეწარმეებს საქონლის რეალიზების საშუალება მისცენ.

„იმ მოლოდინით, რომ 24 დეკემბერს შეზღუდვები მოიხსნებოდა, მეწარმეებმა განახორციელეს ასობით მილიონი ლარის ღირებულების ზამთრის სეზონისა და საახალწლო პროდუქციის იმპორტი. თხოვნით მივმართავთ საკოორდინაციო საბჭოს, უახლოეს შაბათ-კვირას, , მხოლოდ ორი დღით მოიხსნას ჩვენთვის დაწესებული შეზღუდვები და რეგულაციების სრული დაცვის პირობებში მოგვეცეს სავაჭრო ცენტრის გახსნის ნებართვა“, - ნათქვამია განცხადებაში. 

„ლილო მოლის“ ადმინისტრაცია იმედს გამოთქვამს, რომ იანვარში დაგეგმილი შეზღუდვების მოხსნის დროსაც არ მოხდება მსგავსი დისკრიმინაციული გადაწყვეტილების მიღება.

ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს: სავალდებულოა პირბადეების ტარება, 21:00 საათის შემდეგ გარეთ გასვლა იკრძალება, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სავაჭრო ცენტრები, სპორტდარბაზები და ა.შ.

მთავრობის გადაწყვეტილებით 24 დეკემბრიდან შეზღუდვები მინიმალურად შემსუბუქდება. დიდ ქალაქებში სპეციალური წესებით გაიხსნება სავაჭრო ცენტრები. 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება, გამონაკლისი კი მხოლოდ ახალ წელს და შობას დაიშვება.

მთავარი თემები