თურნავა: მორალურად გაუმართლებელია მასობრივი საახალწლო ღონისძიებების გამართვა

გამოწერა
საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილება სასტუმროების ნაწილის მხრიდან დაწესებული შეზღუდვების პირობების დარღვევის გამო მიიღო, განმარტა ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა.

თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. ქვეყანაში დღეს შექმნილი ეპიდვითარების ფონზე, როდესაც ლეტალობის შემთხვევები ყოველდღიურად იმატებს, მორალურად გაუმართლებელია მასობრივი საახალწლო ღონისძიებების გამართვა, განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ.

უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 22 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქვეყანაში უკვე მოქმედი შეზღუდვები 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით პერიოდში სრულად არ შემსუბუქდება. 

სავაჭრო ცენტრი - Sputnik საქართველო
თურნავა: ეს არ იქნება ჩვეულებრივი წინასაახალწლო შოპინგი

კერძოდ, ხელისუფლებამ სასტუმროებსა და მათთან არსებულ რესტორნებს, გარდა ზამთრის კურორტებზე არსებული ობიექტებისა, 24 დეკემბრიდან საქმიანობის განახლების ნება დართო, მაგრამ ერთი პირობით – ისინი მხოლოდ სასტუმროს სტუმრებს უნდა მოემსახურონ. ასევე სასტუმროს ტერიტორიაზე არსებულ რესტორნებში იკრძალება კულტურული და გასართობი ღონისძიებების გამართვა.

თურნავამ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზეზები და ის საფრთხეები განმარტა, რასაც სასტუმროებისა და რესტორნების საქმიანობის სრული დატვირთვით აღდგენა გამოიწვევდა.

„ისეთი ტიპის ღონისძიებები, სადაც ადამიანები ერთად უსხედან სუფრას და პირბადე არ გამოიყენება, არის ვირუსის გადადების საკმაოდ დიდი რისკი. საახალწლო ვახშმებზე შეუძლებელი იქნება სოციალური დისტანციის დაცვის კონტროლი. ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა, რომ თბილისში არსებული სასტუმროები თბილისელებს სთავაზობდნენ საახალწლო ვახშამს. ეს იქნებოდა საკმაოდ დიდი რისკი“, – განაცხადა თურნავამ.

თურნავას განმარტებით, საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ექსპერტებთან, ეპიდემიოლოგიებთან, ასევე ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად მიიღო ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით.

რომელი შეზღუდვები მსუბუქდება და რომელი რჩება ძალაში 24 დეკემბრიდან: სრული ჩამონათვალი>>>

კერძოდ, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით პერიოდში მოქმედი შეზღუდვები შემდეგია: ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ძალაში რჩება გადაადგილებაზე, საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები; დიდ ქალაქებში სავაჭრო ობიექტები მუშაობას შემდეგი დამატებითი რეგულაციებით განაახლებენ: მაღაზიების სამუშაო საათები განისაზღვრა 07:00-დან 19:00 საათამდე; მომხმარებლები სავაჭრო სივრცეში დაიშვებიან ნაკადების მკაცრი მართვით; სავაჭრო ცენტრებში იკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება, მათ შორის გატანის სერვისით. რაც შეეხება სასტუმროებსა და მათთან არსებულ რესტორნებს, ისინი 21:00 საათამდე იმუშავებენ, ხოლო 21:00-დან დაშვებული იქნება მხოლოდ ნომერში მომსახურების სერვისი. ამასთან, რესტორნები და კვების ობიექტები ქვეყნის მასშტაბით აგრძელებენ მუშაობას მხოლოდ გატანის სერვისით.

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები მოქმედებს, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იქნება ძალაში.

ყველა ახალი ამბავი
0