02:30 18 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2862)
101 0 0

საქართველო კორონავირუსის მეორე ტალღას ებრძვის. მას შემდეგ, რაც ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა 4 ათასს გადააჭარბა, მთავრობამ ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვების შემოღების გადაწყვეტილება მიიღო.

თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. ქართველი ეპიდემიოლოგები ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების გამო ნოემბრის ბოლოს დაწესებული შეზღუდვების საახალწლო პერიოდში მინიმალურ შემსუბუქებას უჭერენ მხარს. 

სპეციალისტების განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარების სტაბილიზაციის ელემენტები შეინიშნება, მაგრამ სადღესასწაულო პერიოდში კორონავირუსის გავრცელების საკმაოდ დიდი რისკია.

„დაწესებულმა შეზღუდვებმა გარკვეულწილად შეამცირა ინფიცირებულთა რაოდენობა, თუმცა მაჩვენებელი მცირე მაინც არ არის და ქვეყანაში სიტუაცია კვლავ დრამატულია. ვფიქრობ, რომ ყველა შეზღუდვა არ უნდა მოიხსნას, რადგან ეს ინფიცირებულების მატებას აუცილებლად გამოიწვევს", – განაცხადა თბილისის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ.

შეზღუდვების გაუქმების შემთხვევაში ეპიდემიოლოგები მოსახლეობას შობა–ახალი წლის მოკრძალებულად აღნიშვნისა და დაწესებული რეკომენდაციების მაქსიმალური დაცვისკენ მოუწოდებენ.

„24 დეკემბრიდან შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით, ალბათ, უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო, რადგანაც შექმნილ ეპიდსიტუაციაში შეზღუდვების არსებობა არის ერთადერთი გამოსავალი. (წინააღმდეგ შემთხვევაში) იანვრის თვეში შეიძლება ინფიცირების კატასტროფული მაჩვენებელი გვქონდეს“, – განაცხადა მედიცინის აკადემიურმა დოქტორმა მაკა ბულეიშვილმა. 

არსებული შეზღუდვების მოხსნას არ ემხრობა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, განაცხადა ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

„ჩვენ უფრო რადიკალური პოზიციის მომხრე ვართ. რამე მნიშვნელოვანი შემსუბუქების რეკომენდაციას არ ვიძლევით, რადგან გამოჩნდა ე.წ. სტაბილიზაციის ტენდენცია ქვეყანაში და ყველაფერი წყალში არ უნდა ჩავყაროთ. საქართველოსთვის ყოველდღიურად 2–3 ათასი შემთხვევა ძალიან ბევრია, რაც ჯანდაცვის სექტორზე დიდ ზეწოლას ახდენს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, შეზღუდვები და რეკომენდაციების დაცვა კორონავირუსის გავრცელების ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით საქართველოს მთავრობამ დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. შეზღუდვები 28 ნოემბრიდან ამოქმედდა. ამასთან, ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე მთელ საქართველოში გაიხსნება სავაჭრო ცენტრები, აღდგება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა და შობა–ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით დროებით გაუქმდება სხვა შეზღუდვებიც. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 208.638 შეადგინა. გამოჯანმრთელდა 180.441 ადამიანი, გარდაიცვალა 2.094 პაციენტი.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2862)

მთავარი თემები