„არ დავთმობთ": ე.წ. აფრიკის დასახლებაში უნებართვო მშენებლობების დემონტაჟი მიმდინარეობს

© Sputnik / STRINGERაქცია აფრიკის დასახლებაში
აქცია აფრიკის დასახლებაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადგილობრივი მოსახლეობა დემონტაჟისთვის ხელის შეშლას ცდილობს. მათ გზა გადაკეტეს და ადგილზე მობილიზებულ ტექნიკას მუშაობის საშუალებას არ აძლევენ.

თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. თბილისში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში, კორნელი სანაძის ქუჩაზე მუნიციპალური ინსპექცია რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟს ახორციელებს, იუწყება „პირველი არხი“.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩატარებული ინსპექტირების შედეგად სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი გამოვლინდა. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული. მუნიციპალურმა ინსპექციამ კი კანონის შესაბამისად მათი დემონტაჟის პროცესი დაიწყო. 

თბილისის გარეუბანში უკანონო მშენებლობების დემონტაჟი დაიწყო - ვიდეო - Sputnik საქართველო
თბილისის გარეუბანში უკანონო მშენებლობების დემონტაჟი დაიწყო – ვიდეო

აღნიშნულ ტერიტორიაზე სამართალდამცველებსა და შენობების მოსახლეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც მსუბუქი დაზიანებები მიიღო ქალმა, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. დაკავებულია რამდენიმე პირი.

ადგილობრივების განცხადებით, მათ სხვა საცხოვრებელი ფართები არ გააჩნიათ და შენობების დანგრევის შემთხვევაში უსახლკაროდ დარჩებიან.

ამასთან, ადგილობრივები აცხადებენ, რომ დაკანონების თაობაზე მათ მიმართეს მერიას, მაგრამ ინსპექციამ საკითხის განხილვის დასრულებამდე, გაფრთხილების გარეშე დაიწყო დემონტაჟის პროცესი.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ამ ადამიანებმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე უკანონოდ ააშენეს სახლები და ამით მიისაკუთრეს სახელმწიფო ქონება.

„ეს კატეგორიულად დაუშვებულია. ვიდრე მე ვარ თბილისის არჩეული მერი, არ დავუშვებ სახელმწიფო ქონების მითვისების ფაქტს. ჩვენ ბევრ ადამიანს ვეხმარებით, მხარს ვუჭერთ, მაგრამ ასეთი მიდგომა – ჩვენ სახელმწიფოს მიწას მივისაკუთრებთ და ეს შეგვრჩება – დაუშვებელია. თუ მათ სახლები არ აქვთ, არსებობს თავშესაფარი, რომელიც ამ დროისთვის თავისუფალია“, – განაცხადა კალაძემ.

უკანონო მშენებლობების დემონტაჟს თბილისის მერია ახორციელებს.

ყველა ახალი ამბავი
0