21:02 23 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ჯანდაცვა საქართველოში (246)
427 0 0

სახელმწიფომ წელს 235 ათასი დოზა გრიპის ვაქცინა შეიძინა, აქედან გამოყენებულია მხოლოდ 170 ათასამდე დოზა

თბილისი, 13 დეკემბერი – Sputnik. გრიპის საწინააღმდეგო ოთხკომპონენტიანი ვაქცინა უფრო ძლიერია და იმუნური სისტემის პასუხს თითქმის ერთ კვირაში აყალიბებს, ამის შესახებ ისაუბრა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა.

საქართველოში შემოტანილია ორი ტიპის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა: სამკომპონენტიანი და ოთხკომპონენტიანი.

კულუმბეგოვის თქმით, სამ და ოთხკომპონენტიანი ვაქცინები, შინაარსობრივად განსხვავდება. სამკომპონენტიანი ვაქცინა უფრო დახვეწილი და რაფინირებულია. გვერდითი მოვლენები, ტკივილი, ტემპერატურა ნაკლებად ახასიათებს. ამავე დროს, ცოტა გვიან აყალიბებს იმუნურ პასუხს - დაახლოებით ორი კვირა სჭირდება. ამიტომ, აცრისთვის იდეალური პერიოდია ოქტომბერი-ნოემბერი, ვიდრე შტამი გამოჩნდება. ოთხკომპონენტიანი ვაქცინა კი უფრო ძლიერია და იმუნური სისტემის პასუხი თითქმის ერთ კვირაში ყალიბდება, აცხადებს სპეციალისტი.

ბიძინა კულუმბეგოვმა განმარტა, რომელი ვაქცინა უფრო ეფექტურია მაშინ, როცა გრიპის ვირუსი ცირკულაციას იწყებს.

„გრიპის ორი, A და B შტამები, ორი სახეობითაა წარმოდგენილი 4-კომპონენტიან ვაქცინაში. 3-კომპონენტიანში ორივე A შტამია და B-დან მარტო ერთია. გრიპის შტამებს შორის, მთავარი სირთულე ახასიათებს H1N1-ს, ე.წ. „ღორის გრიპს“, რომელიც ორივე ვაქცინაში შედის, რადგან ის ყველაზე აგრესიულია. კიდევ ერთი შტამია H3N2, რომელიც არცთუ ისე მარტივ გრიპს იწვევს. ორივე გრიპის ვაქცინა ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, თუმცა ახლა დიდი ხელმისაწვდომობაა ოთხ კომპონენტიანი ვაქცინის, სადაც B ჯგუფის ორივე შტამი იქნება“, - განაცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.

საქართველოში გრიპის ვირუსი, როგორც წესი, ნოემბერში ფიქსირდება და პიკს დეკემბერი–იანვარში აღწევს. საქართველოში ყველაზე ხშირად B ტიპის ვირუსი ფიქსირდება, რომელიც ხასიათდება კლინიკურად შედარებით მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობით. ასევე ხვდება A ტიპის – H3 და H1 ვირუსები, აგრეთვე რინოვირუსები.

რაც შეეხება პრევენციულ ზომებს, იგი ისეთივეა, როგორც კორონავირუსის შემთხვევაში – ხელების ხშირი დაბანა, სოციალური დისტანციის დაცვა, პირბადის ტარება. განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა არსებობს.

საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება რისკ-ჯგუფში შემავალი პირებისთვის უფასოა. აღნიშნულ კატეგორიაში შედიან ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, აივ-ინფექციით და C ჰეპატიტით დაავადებული პირები, ორსულები, მოხუცებულთა და ბავშვთა სახლების ბენეფიციარები, სკოლების, ბაღების პედაგოგები და მომვლელი პერსონალი, სამხედროები, მაშველები და მედპერსონალი.

ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა კერძო სექტორსაც შემოაქვს, რომლით სარგებლობაც საზოგადოების დიდ ნაწილს შეუძლია – ამ შემთხვევაში ვაქცინაცია ფასიანია.

საქართველოს მოსახლეობაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის პოპულარიზაცია 2014-2015 წლებში დაიწყო. 2018 წელს ქვეყანამ შეიძინა 40 ათასი დოზა, მაგრამ პრეპარატის დიდი ნაწილი აუთვისებელი დარჩა. გასულ წელს ქვეყანამ უკვე 100 ათასი დოზა შეიძინა, საიდანაც გამოუყენებელი ძალიან მცირე ნაწილი დარჩა.

სპეციალისტების აზრით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არის გრიპის პრევენციის და მისგან გამოწვეული მძიმე შედეგების ყველაზე ეფექტური სპეციფიკური საშუალება. სამეცნიერო კვლევებით დადგენილია, რომ ვაქცინაციას შეუძლია გრიპით დაავადების რისკი შეამციროს 60%-ით მთელ მოსახლეობაში გრიპის სეზონის განმავლობაში.

თემები:
ჯანდაცვა საქართველოში (246)

მთავარი თემები