წითელი ბუშტები ცაში: შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია გაიმართა

© Sputnik / STRINGERოპოზიცია
ოპოზიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბათუმში ოპოზიციის აქციების მონაწილეები პროტესტის მშვიდობიან ფორმას – ჰაერში ბუშტების გაშვებას რამდენიმე დღეა მიმართავენ.

თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია–პერფორმანსი გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა ჰაერში წითელი ბუშტები გაუშვეს და ამ ფორმით გამოხატეს სოლიდარობა ბათუმში მიმდინარე აქციებისადმი.

აქციის მონაწილეების თქმით, ბუშტები საფრთხეს არ წარმოადგენს და აბსურდია, როდესაც პოლიციელები მოქალაქეებს ბუშტების ჰაერში გაშვებას უკრძალავენ.

„ამ ხელისუფლებამ დაწესებულ შეზღუდვებს კიდევ ერთი დაუმატა და საზოგადოებას გამოუცხადა, რომ ჰაერში ბუშტების გაშვება დასჯადი ქმედებაა. ისინი იმდენად შეპყრობილი არიან ერთპარტიული პარლამენტით, რომ სურთ საბოლოოდ დიქტატურა დაამყარონ. ვისაც ბუშტის გაშვება მოუნდება, ბუშტებს გაუშვებს. როცა მათ ხელისუფლების გაშვება მოუნდებათ, ხელისუფლებას გაუშვებენ“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა გიორგი მუმლაძემ.

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციები უწყვეტ რეჟიმში 8 ნოემბრიდან ტარდება. აქციის მონაწილეები რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს, ახალ საარჩევნო ადმინისტრაციას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ. აჭარის მთავრობის სახლთან კარვებია გაშლილი.

გუშინ პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა ჰაერში ბუშტების გაშვება გადაწყვიტეს. შედეგად – სამართალდამცველებმა რამდენიმე აქტივისტი პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.

ყველა ახალი ამბავი
0