თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აქვეყნებს რეკომენდაციებს, რომელთა მიღება COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით საერთო სასამართლოებისთვის არის სავალდებულო.
რეკომენდაციების ძირითადი არსი მდგომარეობს დისტანციურ რეჟიმზე მაქსიმალურ გადასვლასა და პროცესებზე მოქალაქეთა დასწრების მინიმიზაციაში.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაადგინა, რომ საერთო სასამართლოებმა
წარმოებაში არსებული საქმეები (გარდა შემჭიდროებულ ვადებში განსახილველი საქმეებისა) უნდა გადადონ, ხოლო განხილვა საქმეთა ზეპირი მოსმენის გარეშე უნდა წარიმართოს (საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში).
პროცესის მონაწილეები სასამართლო განხილვაში მონაწილეობს მიიღებენ დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, გზავნილებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების მხარეებისათვის ჩაბარება უნდა მოხდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით;
მოქალაქეთა მისაღებში სასამართლოს მომხმარებელთა რაოდენობა არაუმეტეს 10 ერთეულამდე იზღუდება, ხოლო სარჩელებისა (განცხადებებისა) და სხვა დოკუმენტაციის მიღება მოქალაქეთა მისაღებში განთავსებული სპეციალური ყუთის მეშვეობით მოხდება.
გარდა ამისა, სასამართლოში დაგეგმილი საჯარო ღონისძიებები, შეხვედრები, სასწავლო ვიზიტები, მოქალაქეთა მიღებები, ასევე სამსახურებრივი მივლინებები უნდა გადაიდოს.
საჭიროების შემთხვევაში მოსამართლეს აქვს უფლება საქმე განიხილოს დისტანციურად ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, რაც კანონით არის გათვალისწინებული.
სასამართლოს შენობაში შესვლისას ყველამ უნდა გაიაროს თერმოსკრინინგი, ყველა პირს უნდა ეკეთოს პირბადე და იცავდეს ორმეტრიან დისტანციას. თვალსაჩინო ადგილზე უნდა განთავსდეს ბუკლეტები და განცხადებები საპრევენციო ზომების შესახებ. სასამართლოს თანამშრომლები უნდა უზრუნველყონ ხელის პერიოდული დეზინფექციისთვის საჭირო სულ მცირე 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარით.
საერთო სასამართლოებში დასაქმებული ორსული, ქრონიკული დაავადების (გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებები, დიაბეტი, ონკოლოგიური დაავადებები) მქონე ან/და 60 წელზე მეტი ასაკის პირებს დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადასვლის რეკომენდაცია მიეცა.
სექტემბრიდან საქართველოში მკვეთრად გაუარესდა ეპიდვითარება. COVID-19-ით გამოწვეული გართულებებისგან უკვე 1303 ადამიანი გარდაიცვალა. მთავრობა იძულებული გახდა შემოეღო მკაცრი შეზღუდვები. დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი, დაიკეტა სავაჭრო ცენტრები, ბაზრობები (გარდა აგრარული ბაზრებისა), ფიტნეს–დარბაზები და აუზები, სასწავლო დაწესებულებები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული. გარდა ამისა, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 21:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება ქუჩაში როგორც ქვეითების, ისე ტრანსპორტის გადაადგილება.