20:14 25 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
5701

„რეფორმერის“ ხელმძღვანელობა შრომის ინსპექციამ კარანტინისა და იზოლაციის წესების დარღვევისთვის დააჯარიმა, მაგრამ ფიტნეს-დარბაზმა ფუნქციონირება განაგრძო.

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა შპს „ონლაინ მეჯიქში“ (ე.წ. რეფორმერი ფიტნესი) საგამოძიებო მოქმედებები გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე განახორციელეს, რის შედეგადაც აღნიშნული ფიტნეს–კლუბი დალუქეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მკვეთრად გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო 28 ნოემბრიდან საქართველოს ტერიტორიაზე აიკრძალა ფიტნეს-ცენტრების, სპორტული დარბაზების და აუზების ფუნქციონირება. „რეფორმერი“ არ დაემორჩილა ამ შეზღუდვას და ფუნქციონირება განაგრძო, ამის გამო ფიტნეს-ცენტრის ხელმძღვანელობა შრომის ინსპექციამ 28 ნოემბერს 10 ათასი ლარით დააჯარიმა.

შსს-ს ცნობით, კლუბის მფლობელი გააფრთხილეს, რომ ფაქტის განმეორების შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმე აღიძვრებოდა, მაგრამ ფიტნეს–კლუბი გუშინ ისევ გაიხსნა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს.

„29 ნოემბერს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა განმეორებით განახორციელა შპს „ონლაინ მეჯიქის" ინსპექტირება, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ, ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების მიუხედავად, კომპანია კვლავ აგრძელებდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კლუბის მხარდაჭერა პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ გადაწყვიტა. იგი 29 ნოემბერს ბათუმში ჩავიდა, „რეფორმერის“ მფლობელთან ზეპირი შეთანხმება დადო და ფიტნეს-ცენტრი საცხოვრებელ ფართად იქირავა. ჯაფარიძის თქმით, ადამიანებს, ვისაც ვარჯიში სურს, შეუძლიათ მასთან სტუმრად მივიდნენ და ივარჯიშონ. 

პოლიტიკოსის განმარტებით, ბათუმში მდებარე ფიტნეს–კლუბი „რეფორმერი ფიტნესი“ საცხოვრებელ სახლად მას შემდეგ იქირავა, რაც შრომის ინსპექციამ ობიექტი აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო დააჯარიმა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა ფიტნეს–ცენტრის ტერიტორია იქ მყოფ პირებს დაატოვებინეს, დარბაზი დალუქეს და ინვენტარის აღწერა დაიწყეს.

დღეს აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე დაბარებული არიან პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და ფიტნეს–ცენტრ „რეფორმერის“ ხელმძღვანელი გიორგი ფუტკარაძე.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 248-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რომლის მიხედვით, იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისათვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. კერძოდ, იურიდიული პირის შემთხვევაში დაჯარიმებას, საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, ასევე მის მიმართ ლიკვიდაციისა და დაჯარიმების ღონისძიების ერთობლივად გამოყენების შესაძლებლობას, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში - შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე ვადით.

მთავარი თემები