00:10 26 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს სოფლის მეურნეობა (241)
110 0 0

სოფლის მეურნეობის მინისტრის განმარტებით, სახელმწიფო პირველი ხარისხის ფქვილის სუბსიდირებაზე დაახლოებით 10 მილიონ ლარს დახარჯავს.

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ პურზე ფასი არ გაიზრდება და არც ფქვილისა და ხორბლის მოწოდებაზე გვექნება შეფერხებები, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. 

მინისტრის განმარტებით, შექმნილ ვითარებაში მოსახლეობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ძირითადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე, პირველ რიგში კი პურზე ფასები არ გაიზარდოს. 

„იმ ეკონომიკური პრობლემებიდან გამომდინარე, რასაც იწვევს კორონავირუსის პანდემია, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა ძალზე მძიმეა. ამიტომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირება განახორციელოს, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, თავიდან ავირიდოთ პურის გაძვირება და შევინარჩუნოთ არსებული ღირებულება. პროგრამა, რომელიც მომავალი კვირიდან ამოქმედდება, მარტის ბოლომდე იმოქმედებს“, – განაცხადა დავითაშვილმა.

დღეს „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციამ“ და „პურის მრეწველთა კავშირმა“ მთავრობას განცხადებით მიმართეს, რომელშიც ნათქვამია, რომ საჭიროა სახელმწიფომ კვლავ აამოქმედოს ხორბლის იმპორტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა, რაც მწარმოებლებს საშუალებას მისცემს, ფქვილსა და პურზე სტაბილური ფასი შეინარჩუნონ.

მათი განმარტებით, თუ საქართველოს ბაზარზე სახელმწიფოს მხრიდან მასტიმულირებელი ღონისძიებები არ განხორციელდება, 50 კგ-იანი ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის ფასი დაახლოებით ათი ლარით გაიზრდება, რაც მისგან მიღებული პროდუქტის ფასზე აისახება.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, სახელმწიფო პირველი ხარისხის ფქვილის სუბსიდირებაზე დაახლოებით 10 მილიონ ლარს დახარჯავს. კერძოდ, 50 კილოგრამიან ტომარაზე მთავრობის მხრიდან სუბსიდია მაქსიმუმ 10 ლარი იქნება და აღნიშნული მექანიზმი პურზე ფასის დასტაბილურებას უზრუნველყოფს, დასძინა მინისტრმა.

მისი განცხადებით, ამჟამად მსხვილი წისქვილებისთვის 50 კგ-იანი ტომარა ფქვილის დადგენილი ფასი 53 ლარია.

საქართველო წლის განმავლობაში 500–700 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. აქედან მხოლოდ 10%-ია ადგილობრივი წარმოების. დანარჩენი ქვეყანას რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან და აშშ-დან შემოაქვს. რუსეთზე ხორბლის იმპორტის 90% მოდის. 

საქართველოს მთავრობამ ერთხელ უკვე გამოიყენა სუბსიდირების გზით პურზე ფასის ზრდის შეკავების მეთოდი. მიმდინარე წლის აპრილში მთავრობამ ფქვილსა და ხორბალზე ფასების შესანარჩუნებლად 5,2 მლნ ლარი დახარჯა.

პროგრამის თანახმად, იმპორტიორი, რომელსაც საქართველოში 2-დან 4 ათას ტონამდე ხორბალი შემოაქვს, სახელმწიფოსგან ერთ ტონაზე 40 დოლარის ოდენობის სუბსიდიას მიიღებს. ამასთან, იმპორტიორმა, შეთანხმების გაფორმების შემდეგ, სამი თვის განმავლობაში 50 კგ-იანი ტომარა ფქვილი 51 ლარზე მეტ ფასში არ უნდა გაყიდოს.

თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა (241)

მთავარი თემები