თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის შეწყვეტის გამო ზონალურ-საათობრივი პარკირების გადასახადი დროებით უქმდება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ორთვიანი გეგმის ფარგლებში, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება, ქვეყანაში რიგი შეზღუდვები წესდება. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე, ასევე 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით პერიოდში მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმუშავებს თბილისში, თელავში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთსა და ზუგდიდში.
კალაძის განცხადებით, ზონალურ-საათობრივი პარკირების აღნიშნული რეფორმა მიმართული იყო იმისკენ, რომ ადამიანებს მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობისთვის მეტი მოტივაცია ჰქონოდათ.
„როგორც იცით, ხვალიდან იზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება. რადგან ტრანსპორტი ჩერდება, დაწესებული შეზღუდვების მოქმედების პერიოდში ზონალურ-საათობრივი პარკირების გადასახადიც გაუქმდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა პირველად 2019 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა და ამ დროისათვის თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოქმედებს. პარკირება უფასოა ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, შშმ პირებისა და ელექტრომობილების მფლობელებისთვის, ასევე A კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის მფლობელებისთვის. იმ მოქალაქეებისთვის კი, ვინც რაიონში დროებით, გავლით იმყოფება, პირველი 15 წუთი უფასოა, ხოლო შემდეგ პარკირების ღირებულება საათში 1 ლარია.