ზამთრის კურორტები 31 იანვრამდე არ გაიხსნება

© photo: Sputnik / Roman Denisov / გადასვლა მედიაბანკშიბაკურიანი
ბაკურიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლებამ, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, შეზღუდვების გაფართოებისა და გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო.

თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების გარდა, ზამთრის კურორტებზე დამატებითი რეგულაციები ამოქმედდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. 

საქართველოს რვა დიდ ქალაქში დამატებითი შეზღუდვები 28 ნოემბრიდან ამოქმედდება - Sputnik საქართველო
საქართველოს რვა დიდ ქალაქში დამატებითი შეზღუდვები 28 ნოემბრიდან ამოქმედდება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის პერიოდში ბაკურიანის, გუდაურის, გოდერძისა და მესტიის სათხილამურო კურორტებზე წესდება სპეციალური შეზღუდვები: სასტუმროების მუშაობა დასაშვები იქნება მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად. ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება შეზღუდვების გამკაცრების შესახებ დღეს გახდა ცნობილი.

საქართველოს მთის კურორტებზე ზამთრის სეზონი, ჩვეულებრივ, დეკემბრიდან აპრილის ჩათვლით გრძელდება ხოლმე.

გასულ სეზონზე, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის არიდების მიზნით, საქართველოს მთავრობამ მარტში ზამთრის სათხილამურო კურორტებზე სეზონის ვადაზე ადრე დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღაა – ყოველდღიურად ვირუსის 3–4 ათასი შემთხვევა ფიქსირდება. 26 ნოემბრის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 118 ათასს გადააჭარბა, გარდაიცვალა 1100-ზე მეტი პაციენტი.

შექმნილი რთული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ამ დროისთვის ქვეყანაში რიგი შეზღუდვები მოქმედებს: პირბადის ტარება სავალდებულოა დახურულ და ღია სივრცეებში, ტრანსპორტში, ქუჩებში, დიდ ქალაქებში სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ, დაკეტილია საბავშვო ბაღები, ღამის საათებში სახლიდან გასვლა აკრძალულია.

ყველა ახალი ამბავი
0