თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვეყანაში ჯერ სეზონური გრიპი არ ცირკულირებს და გაციებით მიმდინარე უმეტესი შემთხვევა კორონავირუსია.
„არ არის ჯერ სეზონური გრიპი. დღეს რაც ცირკულირებს, მათი 90 პროცენტი არის „კოვიდი“. ძალიან ცოტა იყო ძველი კორონავირუსი, ასევე დაჭერილია ბოკავირუსი. ესეც გაციების გამომწვევი ერთ-ერთი ვირუსია და არის ასევე რინოვირუსი, რომელიც სურდოს იწვევს. ესენი არის ძალიან უმნიშვნელო რაოდენობით. პრაქტიკულად, ახლა ყველა გაციება არის „კოვიდი“, – განაცხადა იმნაძემ.
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოში შეზღუდვების გამკაცრებასა და ახალი შეზღუდვების დაწესებაზე მსჯელობს. ახალი ზომები ცნობილი, სავარაუდოდ, ხვალ გახდება.
იმნაძის განცხადებით, შეზღუდვების გამკაცრების შემდეგ ნაკლები შემთხვევები კი არ გვექნება, არამედ ინფიცირებულების რიცხვი აღარ მოიმატებს.
მისი აზრით, საჭიროა ტესტირების გაფართოება, თუმცა, რესურსი იმისა, რომ PCR–ტესტირების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდოს, არ არსებობს და ძალისხმევა ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტებისკენ უნდა იყოს მიმართული.
„რა თქმა უნდა, ვფიქრობთ, რომ ტესტირების მასშტაბი კიდევ უნდა მოვუმატოთ. თუ შეზღუდვებს დავამატებთ, აღარ მოიმატებს დაავადების შემთხვევები, ოღონდ ეს არ მოხდება ერთ დღეში და ორ დღეში. დავიწყეთ 200 PCR–ტესტიდან და ავედით 10 ათასზე მეტ ტესტზე. რესურსი იმისა, რომ ამან მკვეთრად მოიმატოს, არ არის“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.
გამყრელიძე: დანის პირზე უნდა ვიაროთ, რომ წინ აღვუდგეთ ინფექციას და არ დავაზიანოთ ეკონომიკა>>
საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ინფიცირების 3 071 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 34 პაციენტი.