თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ აღიარა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა მზარდი სტატისტიკა მთავრობის მხრიდან პანდემიასთან დაკავშირებით ლიბერალური მიდგომების შედეგია.
როგორც მინისტრმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან განაცხადა, ქვეყანას საკმაოდ ლიბერალური ზაფხული ჰქონდა, როდესაც ქვეყანა ტურიზმისთვის მთლიანად გახსნილი იყო.
„მართალია, ეს იყო შიდა ტურიზმი, მაგრამ ქვეყანა სრულად გახსნილი იყო შიდა გადაადგილებისთვის“, – აღნიშნა ტიკარაძემ.
მისი თქმით, ხელისუფლებამ ასევე გაითვალისწინა მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება და ჩაატარა არჩევნები. ამით ხელისუფლებამ გარკვეული პასუხისმგებლობა აიღო. შედეგად კი იყო აქციები, პროტესტი, რამაც ხელი შეუწყო ინფექციის გავრცელებას ქვეყანაში.
„ჩვენ გვქონდა მეორე ტურიც და დღესდღეობით ჩვენ გვაქვს სწორედ ის შედეგი, რომ არ ვიყავით უფრო მეტად რადიკალური და მკაცრი ინფექციასთან ბრძოლის კუთხით“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ზაფხულში მთავრობის ლიბერალური მიდგომა შეცდომა იყო.
„მე არ ვიტყოდი, რომ ეს არ იყო ჩემი შეცდომა, ეს ჩემი შეცდომაც იყო. მე არ ვიყავი საკმარისად მომთხოვნი და კატეგორიული იმ აკრძალვების შენარჩუნებაში, რომელიც თუნდაც გაზაფხულზე მოქმედებდა“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 112 ათასს მიაღწია, გარდაიცვალა 1 051 ადამიანი.
სექტემბრიდან, ზაფხულის სეზონის დასრულების შემდეგ, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება – ახალი შემთხვევების დღიურმა მაჩვენებელმა 4 ათასს მიაღწია.
ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გართულების გამო მთავრობამ ახალი შეზღუდვები დააწესა: ნიღბების ტარება აუცილებელია შენობებში, ტრანსპორტსა და ქუჩაში, დიდ ქალაქებში სკოლები დისტანციურ სწავლებაზეა გადასული, დახურულია საბავშვო ბაღები, საქართველოს დიდ ქალაქებში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში აკრძალულია ქვეითად მოსიარულეებისა და ავტოტრანსპორტის გადაადგილება. თუმცა, აღნიშნულ შეზღუდვებს ეპიდვითარების გაუმჯობესებაზე საგრძნობი ზემოქმედება არ მოუხდენია.