თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს ის, რისი შეზღუდვაც შეიძლება, რათა ჯანდაცის სექტორმა ამოისუნთქოს, განაცხადა მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორმა, აშშ-ში მოღვაწე ქართველმა ექიმმა, ზურაბ გურულმა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტების დღევანდელი შეხვედრის შემდეგ.
საახალწლო დღესასწაულების მოახლოებასთან ერთად ადამიანთა მობილობა იზრდება, რაც კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია. საქართველოს მთავრობა ბოლო დღეებში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს ხვდება და იმ დამატებით შეზღუდვებზე მსჯელობს, რომლებმაც ინფექციის გავრცელების შეკავებას უნდა შეუწყონ ხელი.
საზღვარგარეთ მოღვაწე ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებმა საქართველოს მთავრობას გაუზიარეს შეზღუდვების კუთხით იმ ქვეყნებში არსებული გამოცდილება, სადაც საქმიანობენ.
შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ესწრებოდნენ. პრემიერმა ისაუბრა წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრების რამდენიმე ვარიანტზე, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად განიხილება.
„რეალობა არის ის, რომ სიტუაცია ძალიან მძიმეა, მივექანებით მწვავე პიკისაკენ და ამ პიკს ჯანდაცვის სექტორი ვერ გაუძლებს“, - განაცხადა გურულმა.
მისი თქმით, ასეთი რამ მხოლოდ საქართველოში არ ხდება, ეს ნებისმიერი ქვეყნის ჯანდაცვის სექტორის პრობლემაა, ამიტომ, ამ ეტაპზე ჯანდაცვის სექტორისთვის გარკვეული ჟანგბადის მიცემის ერთადერთი გზა შეზღუდვების გამკაცრებაა.
„ამ ეტაპზე ჩვენ სხვა გამოსავალი არ გაგვაჩნია, გარდა იმისა, რომ მივცეთ მცირეოდენი ჟანგბადი ჩვენს ჯანდაცვის სისტემას, ამოვასუნთქოთ, რომ მოვახდინოთ მაღლა მკვეთრად მიმავალი პიკის გარკვეულად გაბრტყელება. მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს, თუ არა ის, რომ ყველამ ერთად, შეგნებულად შევეცადოთ, მაქსიმალურად შევზღუდოთ ის, რისი შეზღუდვაც შეიძლება ჩვენს პირად და ყოველდღიურ ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, ყველანაირად მხარს ვუჭერ ბიზნესს და ძალიან კარგად მესმის, რომ ეს ძალიან დიდი დარტყმა იქნება მათთვისაც, მაგრამ ჯერჯერობით სხვა არანაირი იარაღი არ გვაქვს არსენალში, რომ როგორმე მოვახერხოთ სიტუაციის კონტროლი, გარდა იმისა, რომ მივმართოთ ისევ ნაცად მარტივ მეთოდს, გავამკაცროთ შეზღუდვები, რომ ამ შემთხვევაში ამოსუნთქვის საშუალება მივცეთ ჯანდაცვის სექტორს“, – განაცხადა ზურაბ გურულმა.
იგივე მოსაზრება გამოთქვა ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა ზაზა წერეთელმა. მისი თქმით, აუცილებელია იმ შეზღუდვების გამკაცრება, რომელიც ამ დროისთვის საქართველოში მოქმედებს.
„მოდის შობა-ახალი წელი. ეს ის პერიოდია, როდესაც ადამიანების მობილობა ძალიან იზრდება და ყველა ქვეყანა მოუწოდებს მოსახლეობას, რომ ყველამ მაქსიმალურად თავი შეიკავოს ამ დღესასწაულების ფართო აღნიშვნისგან. უნდა გადაიდგას ნაბიჯები, იმისთვის, რომ ვირუსის გავრცელების ნაკლები შესაძლებლობა იყოს. ეს ნიშნავს, რომ არ მოხდეს ადამიანების თავშეყრა დახურულ სივრცეში, ადამიანებს ეკეთოთ პირბადე“, - განაცხადა წერეთელმა.
ქუთაისის პოლიკლინიკაში 20-მდე თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა >>
რაც შეეხება საქართველოში მოღვაწე ეპიდემიოლოგებს, ისინიც ეთანხმებიან უცხოეთში მოღვაწე კოლეგებს და შეზღუდვების გამკაცრებაზე საუბრობენ. თუმცა, მათი თქმით, კონკრეტულად რა შეზღუდვები დაწესდება, ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო მიიღებს.
„შეთავაზება არის ყველა იმ ღონისძიებაზე, რომელიც ადამიანების მობილობაზე გავლენას ახდენს; ეს არის – ტრანსპორტის სისტემა, საცალო გაყიდვები, არასენციალური სავაჭრო ობიექტები, სატრენაჟორო სივრცეები. რომელ მათგანს შეეხება არ ვიცით. ეს არის იმისთვის, რომ პიკური სიტუაცია გადავიყვანოთ პლატოში, რომ ქვეყანაში არ იყოს ექსპონეციალური ზრდა, როცა ყოველდღიურად ათასობით დაავადებულ ადამიანს ვღებულობთ, – განაცხადა იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა.
საქართველოში, როგორც მთელს მსოფლიოში, კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ქვეყანაში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 4 ათასს აღწევს.
პანდემიის დასაწყისიდან ქვეყანაში კორონავირუსის დაახლოებით 112 ათასი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 1 051 ადამიანი.
ამ დროისთვის ქვეყანაში 18 526 აქტიური შემთხვევაა.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.