06:30 30 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
52 0 0

მოსამართლეობის კანდიდატებმა საბოლოო კენჭისყრამდე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრება გაიარეს და ქულებით შეფასდნენ.

თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 36 მოსამართლე დანიშნა – სასამართლოში 3 წელზე მეტი მუშაობის სტაჟის მქონე პირები უვადოდ, დანარჩენები კი სამწლიანი გამოსაცდელი ვადით განმწესდნენ, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა სასამართლოში 99 ადგილზე იყო ვაკანსია გამოცხადებული. სულ შევიდა 68 კანდიდატის განცხადება. კანდიდატებმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრება გაიარეს და ქულებით შეფასდნენ.

როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა „რუსთავი 2“-თან განაცხადა, მოსამართლეების დანიშვნის პროცესი გამჭვირვალედ არ მომხდარა. მისი განმარტებით, საბჭოს წევრებს წინასწარ ჰქონდათ შეთანხმებული, თუ რომელ კანდიდატებს დაუჭერდნენ მხარს. 

„ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალზე მნიშვნელოვანი პროცესია, რამდენადაც მუდამ მიმდინარეობს საუბრები სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის თაობაზე. სასამართლოს დამოუკიდებლობის მთავარი ღერძი მოსამართლეა. რა თქმა უნდა, იყო გარკვეული ხარვეზები. ნათელია, რომ საბჭოს წევრები, განსაკუთრებით, თუ ვისაუბრებთ საბჭოს წევრების უმეტესობასა და რამდენიმე არამოსამართლე წევრზე, კანდიდატების თაობაზე წინასწარ თანხმდებიან... თუმცა, ახალ მოსამართლეებს შორის რამდენიმე ღირსეულია, რაც სასიხარულოა, მაგრამ მათი რაოდენობა დიდი არაა“, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი კატეგორიულად უარყოფს კოლეგის ბრალდებებს და აცხადებს, რომ კანდიდატებთან დაკავშირებით არანაირი წინასწარი შეთანხმება არ ყოფილა.

„კანონი შერჩევისას ორ ძირითად კრიტერიუმს ითვალისწინებს – კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა, თითოეული დანიშნული კანდიდატი მკაცრად შეესაბამება აღნიშნულ კრიტერიუმებს. კენჭისყრა იყო ფარული, ამიტომაც, შესაძლოა, პროცესს წინ უსწრებდა საბჭოს წევრებს შორის კონსულტაციები, მაგრამ არანაირი შეთანხმება არ ყოფილა“, – განაცხადა გვრიტიშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დამოუკიდებელი ორგანოა, რომელიც საქართველოს სასამართლო სისტემაში ყველა პროცესს აკონტროლებს. საბჭოს კომპეტენციაში სხვა დანარჩენთან ერთად ასევე შედის საერთო სასამართლოებში მოსამართლეების დანიშვნა, კვალიფიკაციის ამაღლება და მათი დისციპლინის შეფასება.

მთავარი თემები