08:43 01 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9840
  • 100 RUB4.3704
  • USD3.3253
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2589)
92 0 0

საქართველოს COVAX–პლატფორმის ფარგლებში ვაქცინის 700 ათასამდე დოზის მიღების იმედი აქვს. პირველ რიგში რისკ–ჯგუფში შემავალი პირების ვაქცინაცია მოხდება.

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. ამჟამად მსოფლიოში უკვე შექმნილია 150-ზე მეტი „კანდიდატი ვაქცინა“, მათგან ხუთი–ექვსის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია ნოემბრის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი, განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანმრთელობის პროგრამების ევროპის დეპარტამენტის დირექტორმა ნინო ბერძულმა. 

ბერძულის განმარტებით, უკვე მომავალი წლის დასაწყისში ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელმა ვაქცინამ გაიარა პრეკვალიფიკაცია და რომელი ვაქცინა მიიღებს გადაუდებელი მოხმარებისთვის გამოყენების ნებართვას.

„თუ ერთ ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი 80% იქნება, ხოლო სხვა ადგილზე ვაქცინა არ იქნება ხელმისაწვდომი, ან მოიცავს ძალიან დაბალ – 5-10%-ს, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ შევძლებთ თავისუფლად დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას, ეკონომიკის გახსნას და ა.შ.“ – აღნიშნა ნინო ბერძულმა.

ვაქცინის გადანაწილებისას თანაბრობისა და სოლიდარობის პრინციპი კოვიდ-პანდემიისას გადამწყვეტია, დაამატა ბერძულმა. საწყის ეტაპზე ვაქცინის მოცულობა ლიმიტირებული იქნება, ამიტომ მკაფიოდ უნდა განისაზღვროს პრიორიტეტები – თუ ვინ უნდა მიიღოს ვაქცინა პირველ რიგში.

„ჯანმოს ევროპის ოფისში ვმუშაობთ დეტალურ რეკომენდაციებზე, რომელიც ასახავს სწორედ ევროპის რეგიონის სპეციფიკას და ვაქცინაციის ფაზებად დაყოფს: რა რაოდენობის ადამიანის აცრა უნდა მოხდეს, რა ასაკობრივ ჯგუფებში. გათვალისწინებული იქნება დემოგრაფიული მაჩვენებლები“, – განაცხადა ბერძულმა.

მისი განმარტებით, საქართველოსთნ მიმართებით, სავარაუდოდ, საუბარი მიდის 20%-იან დაფარვაზე.

„ამ მაჩვენებელს თუ მივაღწიეთ პირველი ორი წლის განმავლობაში, ეს იქნება ძალიან კარგი. როდესაც ქვეყანაში მოხდება 20%-იანი დაფარვა, შემდეგ უკვე გაფართოვდება ხელმისაწვდომობა, მაგრამ ამას დრო დასჭირდება“, – განაცხადა ბერძულმა. 

ადრე საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ქვეყანას COVAX–პლატფორმის ფარგლებში ვაქცინის 700 ათასამდე დოზის მიღების იმედი აქვს.

COVAX–პლატფორმა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაცია „ვაქცინების გლობალურმა ალიანსმა“ შექმნა, 170-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს. აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში ამჟამად ცხრა „კანდიდატი ვაქცინა“ მუშავდება, კიდევ ცხრა პოტენციური ვაქცინა შეფასებას გადის. ამავდროულად მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა მწარმოებლებთან, რომელთა კვლევებიც ამ დროისთვის COVAX-სგან არ ფინანსდება.

ვაქცინის პარტიის ფასი, რომლის მიღებასაც საქართველო ელოდება, 17 მლნ დოლარია. აქედან COVAX-ში უკვე გადარიცხულია 4 მლნ დოლარი. აღნიშნულ პლატფორმასთან საქართველო ორი ათეული წელია თანამშრომლობს.

ვაქცინამ აშშ-ის კვების პროდუქტებისა და მედიკამენტების სანიტარული ზედამხედველობის სამმართველოს (FDA), ევროპის მედიკამენტების სააგენტოს (EMA) და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დადებითი შეფასება უნდა მიიღოს.

მოსალოდნელია, რომ საქართველოში ვაქცინაცია პირველ რიგში რისკ-ჯგუფებში შემავალ პირებს ჩაუტარდებათ.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსი 82 835 ადამიანს დაუდგინდა. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 65 291, გარდაიცვალა 733 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2589)

მთავარი თემები