22:57 23 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2476)
78 0 0

საქართველომ საერთაშორისო ორგანიზაციას უკვე გადაურიცხა 4 მლნ დოლარი და მომავალი ვაქცინის 700 ათასი დოზა შეუკვეთა.

თბილისი, 13 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში პრეპარატი „რემდესივირი“ ორი კვირის შემდეგ შემოვა, თუმცა იგი აფთიაქებში არ გაიყიდება, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. 

„რემდესივირი“ ანტივირუსული პრეპარატია, რომელსაც აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა სამკურნალოდ იყენებენ. გამყრელიძის თქმით, აღნიშნულ პრეპარატს საქართველოში ექიმის დანიშნულებით პაციენტის ჰოსპიტალური მკურნალობის შემთხვევაში გამოიყენებენ.

„რემდესივირის“ მწარმოებელ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმებულია და ეს წამალი საქართველოში უახლოეს მომავალში შემოვა“, – განაცხადა გამყრელიძემ პარასკევს გამართულ ვიდეო–კონფერენციაზე.

ჯერ კიდევ ოქტომბერში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს აღნიშნული პრეპარატის გამოყენების რეკომენდაცია მისცა. გამყრელიძის თქმით, როდესაც კორონავირუსის წინააღმდეგ რომელიმე ვაქცინა დამტკიცდება, საქართველო მიიღებს დოზას, რომელიც 700 ათასი ადამიანისთვის იქნება საკმარისი. პირველ რიგში მოხდება რისკ–ჯგუფებში შემავალი პირების ვაქცინაცია. 

„ჩვენ გაერთიანებული ვართ ე.წ. COVAX–პლატფორმაში, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაცია „ვაქცინების გლობალურმა ალიანსმა“ შექმნა. ამ პლატფორმასთან ჩვენ ორი ათეული წელია ვთანამშრომლობთ. ჩვენ ჯერ არ ვიცით, რომელ ვაქცინას შეისყიდის ეს პლატფორმა – გერმანულს, ბრიტანულს თუ ამერიკულს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, საქართველომ COVAX-ის პლატფორმას უკვე გადაურიცხა 4 მლნ დოლარი და ვაქცინის 700 ათასი დოზა შეუკვეთა.

გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსთან ბრძოლისთვის და ექიმების დახმარების მიზნით სამედიცინო სასწავლებლების დაახლოებით 1,8 ათასი სტუდენტი გადამზადდა. დაახლოებით 700 სტუდენტი უკვე ჩაერთო პროცესში.

საქართველო კორონავირუსის მეორე ტალღას ებრძვის, რომლის პიკიც ნოემბრის შუა პერიოდშია მოსალოდნელი. ყოველდღიურად სამი ათასზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება. პანდემიის დაწყებიდან გამოვლენილია ინფიცირების 70 ათასზე მეტი შემთხვევა, გარდაცვლილია 600-ზე მეტი ადამიანი. ქვეყანაში რიგი შეზღუდვები მოქმედებს: პირბადის ტარება სავალდებულოა როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში, ასევე ტრანსპორტში. ქვეყნის დიდ ქალაქებში სკოლები სწავლის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული, დახურულია საბავშვო ბაღები, 22:00 საათის შემდეგ იკრძალება როგორ ტრანსპორტის, ისე ქვეითების ქუჩაში გადაადგილება.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

თემები:
COVID-19 საქართველოში (2476)

მთავარი თემები