„ჩვენს ოპერატორს თვალზე ოპერაცია დასჭირდა“ – ნოდარ მელაძე განცხადებას ავრცელებს

© courtesy of Nodar Meladzeნოდარ მელაძე
ნოდარ მელაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეკომპანია „TV პირველის“ ოპერატორს ცესკოსთან აქციის დაშლისას თვალი დაუზიანდა. ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. 8 ნოემბერს ცესკოსთან აქციის დაშლისას ტელეკომპანია „TV პირველის“ დაშავებულ ოპერატორს პაპუნა ხაჩიძეს თვალის ოპერაცია გაუკეთეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე ავრცელებს.

ჟურნალისტის თქმით, საბედნიეროდ, ოპერატორის თვალის ბადურა არ აღმოჩნდა დაზიანებული. მელაძე არხის ტექნიკურ დანაკლისზეც წერს და აღნიშნავს, რომ წყლის ჭავლით ექვსი კამერა დაუზიანდათ.

დაშავებულ ოპერატორს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გასულ ღამესვე გაუწიეს. ამის შესახებ ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ ასევე „ფეისბუქზე“ დაწერა.

„ამ ბიჭის თვალია მისი პროფესია. თვალით მუშაობს, თვალია მისი მთავარი პროფესიული იარაღი, თვალით იხედება კამერაში და ისე აშუქებს მოვლენებს. ამ წუთებში საოპერაციოდ შეიყვანეს დღევანდელ აქციაზე დაშავების შემდეგ. პაპუნას გამოჯანმრთელება, ვინც ამას ამართლებს, მართლა აღარასოდეს შემეხმიანოთ”, – დაწერა ჟურნალისტმა.

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოიყენეს წყლის ჭავლი. წყლის ჭავლის გამოყენების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სიტუაცია ცესკოსთან. წყლის ჭავლი - Sputnik საქართველო
ცესკოსთან აქციაზე პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა

მანამდე ოპოზიციის ლიდერები აცხადებდნენ, რომ ისინი არ დაიშლებოდნენ, სანამ არ შესრულდებოდა მათი სამი მოთხოვნა - ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომა, ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. მოგვიანებით მათ გეგმები შეცვალეს, რაც იმით ახსნეს, რომ აქციის მონაწილეები წყლის ჭავლის გამოყენების შედეგად დასველდნენ და მათ დასვენება და მომდევნო აქციებისთვის ძალების მოკრება სჭირდებოდათ.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართა. მის შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და მისი არალეგიტიმურობის ცნობას მოითხოვს. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა, რომლებიც წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვდნენ, უკვე მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომლის მიხედვით მათ უარი თქვეს მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.

მმართველ პარტიაში ოპოზიციის მოქმედებებს დესტრუქციად აფასებენ და მათ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობასა და ვითარების ხელოვნურად დაძაბვაში ადანაშაულებენ.

ყველა ახალი ამბავი
0