09:31 27 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9466
  • 100 RUB4.3828
  • USD3.3137
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2540)
135 0 0

ცერცვაძის განმარტებით, სასტუმრო, საკარანტინო ფუნქციების გარდა, შეასრულებს შუალედურ რგოლს მაღალკვალიფიციურ კლინიკასა და ბინას შორის

თბილისი, 6 ნოემბერი - Sputnik. საქართველოში სასტუმროების როლი გაძლიერდება და სასტუმრო, საკარანტინო ფუნქციების გარდა, სამკურნალო დაწესებულების როლსაც შეასრულებს, განაცხადა თბილისის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ.

ცერცვაძის განმარტებით, აბსოლუტურად უსიმპტომო პაციენტები ბინაზე დარჩებიან, ხოლო სასტუმროში მოთავსდებიან ისეთი ინფიცირებულები, რომლებიც ჰოსპიტალიზებას არ საჭიროებენ, თუმცა გარკვეული რისკის ფაქტორები არსებობს და სამედიცინო დაკვირვება აუცილებელია.

„აქამდე სასტუმროებში პაციენტების განაწილება ხდებოდა იმის გათვალისწინებით, ვის არ ჰქონდა პირობები ბინაში თვითიზოლაციის, პაციენტები ამიტომ მიჰყავდათ სასტუმროში. ახლა კი სასტუმრო იქნება შუალედური რგოლი ბინასა და ჰოსპიტალს შორის არა მარტო იზოლაციის მაჩვენებლით, არამედ მოვლისა და მკურნალობის მაჩვენებლითაც“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის განმარტებით, სასტუმროში გაძლიერდება სამედიცინო პერსონალი, პაციენტს ჩაუტარდება გამოკვლევებიც და, თუ საჭიროა, მსუბუქი მკურნალობაც.

„რა თქმა უნდა, სერიოზული მკურნალობა სასტუმროში ვერ ჩატარდება, ამისთვის რჩება ჰოსპიტალი. ესეც არის საქარველოს ნოუ-ჰაუ. არც ერთ ევროპის და ამერიკის ქვეყანაში არ არსებობს სასტუმროების, როგორც სამკურნალო დაწესებულების როლი. იქ სასტუმროები მხოლოდ საკარანტინო ფუნქციებს ასრულებს. ჩვენთან საკარანტინო ფუნქციების გარდა, სასტუმრო შეასრულებს შუალედურ რგოლს მაღალკვალიფიციურ კლინიკასა და ბინას შორის“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ კოვიდ-სასტუმროში მყოფ ყველა და ბინაზე მყოფ პაციენტთა ნაწილს სამი სავალდებულო გამოკვლევა ჩაუტარდება: სისხლის საერთო ანალიზი, D დიმერი და სატურაციის განსაზღვრა. სავალდებულო გამოკვლევებით დადგინდება, რამდენად მძიმეა პაციენტი და შესაბამისი ჩარევით  გართულებები თავიდან იქნება აცილებული.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 14 525 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 4 618, კოვიდ-სასტუმროში - 2 438, ხოლო 7 469 პაციენტი ბინაზე მკურნალობს.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2775-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 51993-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 37019 ადამიანი, გარდაიცვალა 423 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2540)

მთავარი თემები