თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. ქუთაისში კორონავირუსით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
გავრცელებული ინფორმაციით, 26 წლის ქალი კლინიკაში დაგვიანებით გადაიყვანეს.
გარდაცვლილის ოჯახის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ რამდენიმე კლინიკამ გოგონა დროულად ვერ მიიღო, მისი სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსება დაგვიანდა. პაციენტი საავადმყოფოში 31 ოქტომბერს შეიყვანეს და მეორე დღეს გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალის ინფიცირების წყარო დედა იყო, მისი მდგომარეობა თავიდან მსუბუქად ფასდებოდა, თუმცა მოულოდნელად დამძიმდა და აუცილებელი გახდა მისი სტაციონარში გადაყვანა.
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან შვიდი ადამიანი თბილისში გარდაიცვალა, აჭარაში – ხუთი, იმერეთში – ექვსი, შიდა ქართლში – ერთი და მცხეთა-მთიანეთშიც – ერთი ადამიანი.
ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1943-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 44522-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.