05:11 06 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0304
  • 100 RUB4.4551
  • USD3.3115
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2654)
57 0 0

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მიუხედავად ინფიცირებულთა რიცხვის ზრდის ტენდენციისა, პროცესი სრულიად მართვადია.

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. რაც უფრო მაღალი იქნება რეგულაციების დაცვის ხარისხი, მით უფრო ნაკლები იქნება წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების საჭიროება, განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე. 

მეზვრიშვილის განმარტებით, ქვეყანაში დღეს შექმნილი ეპიდვითარების პირობებში მხოლოდ წერტილოვანი, ლოკალური შეზღუდვები განხორციელდება. მან მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა ელემენტარული წესების დაცვისკენ, როგორიცაა პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.

„ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ წერტილოვანი შეზღუდვების გზით სიარულს. დღევანდელი საბჭოს გადაწყვეტილებით ახალი შეზღუდვები არ დაწესებულა, თუმცა, წერტილოვანი შეზღუდვების შემდგომი დაწესება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დავიცავთ წესებს“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მეზვრიშვილის განმარტებით, მიუხედავად ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის ტენდენციისა, პროცესი სრულიად მართვადია.

„ფრთხილი ოპტიმიზმით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სტაბილურად იზრდება. დღეს 2 ათასს გადააჭარბა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ, რაც პოზიტიური ტენდენციაა. პროცესის მართვა გრძელდება“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.  

სექტემბრის დასაწყისიდან საქართველოში მკვეთრად იმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ. ბოლო დღეებში ყოველდღიურმა მაჩვენებელმა თითქმის 2 ათასს მიაღწია.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში წერტილოვანი შეზღუდვები მოქმედებს ცალკეულ დასახლებულ პუნქტებში, სადაც სიტუაცია ყველაზე მეტად საგანგაშოა. თბილისში, ქუთაისსა და მცხეთაში რესტორნები მუშაობის შეზღუდულ რეჟიმზე გადავიდნენ, მათ სტუმრების მომსახურება მხოლოდ ღამის 10 საათამდე შეუძლიათ. მანამდე ანალოგიური შეზღუდვა ამოქმედდა ბათუმში, რომელიც „წითელი ზონის“ სტატუსს ამ დრომდე ინარჩუნებს.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1731-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 33858-ს მიაღწია. გარდაიცვალა 15 პაციენტი. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 14829 ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია 3507, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4022 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2344 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2654)

მთავარი თემები