06:05 05 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0304
  • 100 RUB4.4551
  • USD3.3115
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2646)
28010

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა ასევე განმარტა, რა შემთხვევაში აღარ საჭიროებს კოვიდდადასტურებული პაციენტი ტესტირებას და როდიდან აღარ არის ვირუსი გადამდები.

თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. პაციენტებში, რომლებმაც COVID-19 დაამარცხეს, კორონავირუსი ორგანიზმში დაზიანებებს და გართულებებს ტოვებს, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძე.

მისი თქმით, ჩატარებული კვლევების მიხედვით, რომელიც ჯერ ძალიან ცოტაა, კორონავირუსი დაზიანებებს ადამიანის ორგანიზამის სხვადასხვა სისტემაში ტოვებს.

„არის კვლევის შედეგები, რომ ტოვებს დაზიანებებს ფილტვებში, ფიბროზული ზონრების სახით, ტოვებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაში მიკროთრომბოზების, ენდოთელიუმის დაზიანების სახით, შეიძლება დარჩეს მიოკარდიტი, ტოვებს ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ გარკვეულ დაზიანებებს. მაგრამ ჯერჯერობით ეს არის ცალკეული კვლევის შედეგები. საკმარისი მტკიცებულებები, რომ „კოვიდი“ ნამდვილად ტოვებს სერიოზულ დაზიანებებს, ჯერ არ არსებობს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, საქართველოში გამოჯანმრთელებული პაციენტების კვლევა ჯერ არ ჩაუტარებიათ, თუმცა ასეთი გეგმები არსებობს.

„ეს პროგრამა შედგენილი გვაქვს, სამინისტროში არის დასამტკიცებლად და მოხდება ყველა გამოჯანმრთელებული პაციენტის გამოძახება და გამოკვლევა სამი, ექვსი თვისა და ერთი წლის თავზე, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენთვის, რომელიმე გაწერილ პაციენტს „კოვიდის“ გართულებების მიზეზით არ მოუმართავთ“, – განაცხადა ცერცვაძემ.

რაც შეეხება პაციენტების გაწერისას ჩატარებულ კვლევებს, ცერცვაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსის დადასტურებიდან გასულია ათი დღე და პაციენტს სიმპტომები არ აქვს, ან ათი დღის განმავლობაში ჰქონდა სიმპტომები, მაგრამ შემდეგ სამი დღე არა, მაშინ გაწერისას პაციენტს ტესტი განმეორებით აღარ უკეთდება.

„ასეთია საერთაშორისო სტანდარტი, რამეთუ ითვლება, რომ პაციენტი ამ 13 დღის შემდეგ გადამდები არ არის. ამიტომ მას ტესტი არ უკეთდება“, - განაცხადა ცერცვაძემ.

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ რუსთავში მოულოდნელად გარდაიცვალა 21 წლის მამაკაცი, რომელიც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულად მიიჩნიეს და გუშინ კოვიდ-სასტუმროდან გაწერეს. მამაკაცის გარდაცვალების მიზეზებს ექსპერტები სწავლობენ, თუმცა წინასაწარი ვერსიით, მისი გარდაცვალების მიზეზი გულის გაჩერება გახდა.

ამ დროისთვის საქართველოში სულ  კორონავირუსის 30303  დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა 11370 ადამიანი, გარდაიცვალა – 215, კარანტინის რეჟიმშია 3769, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3832 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2249 ადამიანი იმყოფება.

ქვეყანაში ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2646)

მთავარი თემები