„სრული ცილისწამებაა“: დავით ხვიბლიანი მასმედიასთან კომენტარს აკეთებს

© Sputnik / STRINGERსპეცოპერაცია ზუგდიდში
სპეცოპერაცია ზუგდიდში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოთხშაბათს „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. ხვიბლიანი ერთ-ერთია, რომელიც თავდამსხმელმა შენობაში მძევლად აიყვანა.

თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. ჩემი მისამართით გავრცელებული ინფორმაცია სრული ცილისწამებაა, რითიც ჩემი ღირსება შელახეს, განაცხადა ყოფილმა მძევალმა დავით ხვიბლიანმა ჟურნალისტებთან. 

ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო
„იყვნენ სამნი, აქედან ორი – „ფეიკ მძევალი“ – ნიკა გვარამია თავდასხმის დეტალებს ასაჯაროებს

ხვიბლიანი ერთ-ერთი მათგანია, რომელიც შეიარაღებულმა პირმა ოთხშაბათს „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმისას მძევლად აიყვანა და რომელიც შენობის დატოვების შემდეგ თან გაიყოლა. მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხვიბლიანი ბანკზე თავდამსხმელის თანამზრახველია და, შესაბამისად, ცრუ მძევალი.

ხვიბლიანი მასმედიასთან დღეს პირველად გამოჩნდა და თავდამსხმელის თანამზრახველობა უარყო. მისი თქმით, ყველა კითხვას პასუხს გამოძიება გასცემს.

„ეს იყო სრული ცილისწამება... რაც არ უნდა კითხვები დამისვათ, არ ვაპირებ პასუხის გაცემას. გამოძიება მიმდინარეობს. რა მოხდა, როგორ მოხდა, ეს ყველაფერი იცის გამოძიებამ“, – განაცხადა ხვიბლიანმა.

მისი თქმით, გუშინ და დღეს იგი სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდა და საკუთარ მოვალეობას ასრულებდა.

22 ოქტომბერს მასმედიასთან საუბრისას შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დაადასტურა, რომ დავით ხვიბლიანი, რომელიც მოქმედი სამხედრო მოსამსახურეა, ერთ-ერთია თავდამსხმელის მიერ მძევლად აყვანილი პირებიდან, თუმცა არ დააზუსტა, გამოძიება რა ვერსიებზე მუშაობს თავდამსხმელის თანამზრახველებთან დაკავშირებით. 

სპეცოპერაცია ზუგდიდში - Sputnik საქართველო
კვარაცხელია: თავდამსხმელი იყო აგრესიული, საუბრობდა ქართულად და მეგრულად

21 ოქტომბერს შეიარაღებული პირი „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიჭრა და 40-ზე მეტი ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედმა ხელისუფლებისგან ნახევარი მილიონი დოლარი, ვერტმფრენი ან მანქანა, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში დამნაშავე მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. 

მძევლების გათავისუფლების ოპერაცია შვიდ საათზე მეტხანს გაგრძელდა, რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად მძევლების გათავისუფლება მოხდა, მათ სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა. ფულის მიღების შემდეგ თავდამსხმელმა ავთანდილ გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა მძევლები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხის ტყეში გაათავისუფლა, თავად კი მიიმალა. საბოლოოდ ყველა მძევალი გათავისუფლდა, ბოროტმოქმედზე კი ძებნაა გამოცხადებული.

ზუგდიდში მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად აყვანას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0