თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. წინასწარი გათვლებით, საქართველო კორონავირუსის პიკში ნოემბრის შუა რიცხვებიდან შევა, ახალი შემთხვევების რაოდენობამ შეიძლება სამ, ოთხ, ხუთ ათასს მიაღწიოს, განაცხადა ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში რეკორდულად – 1595-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 22803-ს მიაღწია, გარდაიცვალა - 178 პაციენტი.
გამყრელიძემ განაცხადა, რომ ცენტრი კორონავირუსის გავრცელების ტენდენციების მათემატიკური მოდელირებისთვის სამ ძირითად ინსტრუმენტს იყენებს.
კერძოდ, ეს არის აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ინსტრუმენტი, რომელიც შემუშავებული იყო პანდემიური გრიპის დროს 2009 წელს და ის ასევე გამოიყენება კორონავირუსულ ინფექციაზეც.
კიდევ ერთია ბაზელის უნივერსიტეტის ინსტრუმენტი, ხოლო მესამე ინსტრუმენტია აშშ-ის ჯანმრთელობის მაჩვენებლებისა და შეფასებების ინსტიტუტი.
„ეს ინსტრუმენტები გარკვეული მათემატიკური მოდელირების ინსტრუმენტებია, შეჰყავთ ბევრი სხვადასხვა მოცემულობა, რის შემდეგაც ინსტრუმენტები გითვლიან, დაახლოებით როგორი შეიძლება იყოს ინფექციის შემთხვევების მატების ტენდენცია“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ჯერჯერობით ქვეყანა მცირე სხვაობით პროგნოზებს მიყვება, თუმცა საქართველოში ფიქსირდება იმაზე მეტი შემთხვევა, ვიდრე ამ გათვლებით იყო მოსალოდნელი, ამიტომ სპეციალისტებს ნოემბრის პროგნოზების ხელახალი გადათვლა მოუწევთ.