თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე" მომხდარი თავდასხმის მსხვერპლის გარეშე დასრულება ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, თუმცა მიღწეული შედეგი არაა საბოლოო, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.
როგორც გახარიამ აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველა კანონიერი ინსტრუმენტი, უფლება და შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს, რათა ბოროტმოქმედებს დანაშაულის დაუსჯელობის შეგრძნება არ გაუჩნდეთ.
„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შსს-სა და სამართალდამცავი სისტემის უმთავრესი ამოცანა დღეს უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი პირის უმოკლეს ვადებში დაკავებაა. ეს არის ძირითადი ამოცანა, რომელზეც ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებები მიმდინარეობს და რომელიც, რა თქმა უნდა, შსს-მ უნდა შეასრულოს“, – განაცხადა გახარიამ.
გუშინ შეიარაღებული თავდასხმა მოხდა ზუგდიდში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე. შეიარაღებულმა პირმა 40-ზე მეტი ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედი ხელისუფლებისგან ნახევარ მილიონ დოლარს, ვერტმფრენს ან მანქანას, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი დამნაშავე მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.
მძევლების გათავისუფლების ოპერაცია შვიდ საათზე მეტხანს გაგრძელდა, რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად მძევლების გათავისუფლება მოხდა, მათ სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა. ფულის მიღების შემდეგ თავდამსხმელმა ავთანდილ გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. ამ დროისთვის ყველა მძევალი გათავისუფლებულია, ბოროტმოქმედზე კი ძებნაა გამოცხადებული.
ზუგდიდში მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით მიმდინარეობს.