07:17 05 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0304
  • 100 RUB4.4551
  • USD3.3115
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა (54)
679 0 0

ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის" ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. თავდამსხმელი 500 ათას დოლარს ითხოვს.

თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც მის მოთხოვნებზე სამართალდამცველებმა რეაგირება არ მოახდინეს. ამის შესახებ „მთავარი არხის“ პირდაპირ ეთერში მძევალმა ირაკლი კვარაცხელიამ განაცხადა, რომელმაც თავდამსხმელის მოთხოვნები გაახმოვანა.

მძევლის თქმით, ნიკა გვარამიას „ფეისბუქის“ საშუალებით დაუკავშირდნენ, რის შემდეგაც გადაწყდა მათი პირდაპირ ეთერში ჩართვა.

„მეც არ მინდა მსხვერპლით დასრულდეს. მხოლოდ თანხის უსაფრთხოდ გატანას ვითხოვ. გვარამიასთან დაკავშირება მას შემდეგ გადავწყვიტე, რაც სამართალდამცველებმა ჩემს მოთხოვნებზე რეაგირება არ მოახდინეს, არ მოხსნეს სპეცრაზმი. მე მოთხოვნებს ვაყენებ ბანკში შემოსვლის პირველივე წუთებიდან“, – ამბობს თავდამსხმელი ერთ-ერთი მძევლის პირით.

თავდამსხმელი 500 ათას დოლარს და შენობიდან უსაფრთხოდ გასვლას ითხოვს, ხოლო სამართალდამცველებს მოთხოვნების შესასრულებლად ორ საათს აძლევს. 

მძევლის თქმით, როდესაც თავდამსხმელი თანხას მიიღებს, შენობიდან ან ვერტმფრენით წავა, ან მძევლებთან ერთად გავა.

დღეს ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის" ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულ პირს მძევლად ჰყავს აყვანილი როგორც ბანკის თანამშრომლები, ისე ბანკში მყოფი რიგითი მოქალაქეები.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების რაზმები. სპეცოპერაცია ზუგდიდის ცენტრში ამ დრომდე გრძელდება. პოლიციამ მიმდებარე ტერიტორიიდან ადამიანების ევაკუაცია განახორციელა.

შსს-მ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო. უწყების ცნობით, ბანკში შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროში 14:21 საათზე შევიდა. პოლიციის თანამშრომლებმა მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია და დაიწყო დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია.

თემები:
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა (54)

მთავარი თემები