თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. წინასაარჩევნო კამპანიისას აუცილებელია შეხვედრები და სხვადასხვა აქტივობები, მაგრამ ყველა ვალდებულია დაიცვას ქვეყანაში დადგენილი წესები, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოში არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება. არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე კორონავირუსის პანდემიამ მნიშვნელოვნად იმოქმედა წინასაარჩევნო კამპანიაზე და, ფაქტობრივად, პოლიტიკური ბრძოლის გრადუსი მინიმუმამდე დასწია. თუმცა, ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის ფონზე რამდენიმე ხალხმრავალი აქცია მაინც ჩატარდა.
გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით არსებული ძირითადი რეკომენდაციები უფრო ეფექტურია, ვიდრე ზოგიერთი მედიკამენტი.
„ყველა პოლიტიკოსისთვის აუცილებელია დაიცვას ხუთი წესი: პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, თავყრილობებისგან თავის არიდება, ყველა ღონისძიების, სადაც ეს არის შესაძლებელი, გარეთ ჩატარება და ხელების ხშირი დაბანა. ეს არის დღეს მტკიცებულებაზე დაფუძნებული რეკომენდაციები, რომელიც „რემდესივირზე“ და კიდევ სხვა მედიკამენტებზე მეტად იცავს მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მამუკა ხაზარაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა: „ლელოს" ლიდერი კლინიკაში გადაიყვანეს>>>
ქვეყანაში სექტემბრის დასაწყისიდან ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად გაუარესდა. ინფიცირებულთა დღეღამურმა მაჩვენებელმა უკვე ოთხნიშნა რიცხვს მიაღწია. ბოლო დღე-ღამეში ინფიცირებულთა რაოდენობა 1194-ით გაიზარდა, აქედან თბილისში ინფიცირების 425 შემთხვევა დაფიქსირდა.
ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ საქართველოში 19857-ს მიაღწია. სულ გამოჯანმრთელდა 8666 ადამიანი, გარდაიცვალა – 158, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6407, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 2862 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1420 ადამიანი იმყოფება.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.