სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვენ

გამოწერა
საქართველოში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე ბათუმში, თბილისში, მცხეთასა და იმერეთის რეგიონში რესტორნებსა და ღამის კლუბებს 22:00 საათიდან მომხმარებლის მომსახურება ეკრძალებათ.

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე დაწესებული ახალი შეზღუდვების ფონზე სარესტორნო ბიზნესის სფერო „გადარჩენის“ პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. 

კაფე მცხეთაში - Sputnik საქართველო
რესტორნები მცხეთაშიც 22:00 საათიდან დაიკეტება

ქვეყანაში სექტემბრის დასაწყისიდან ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად გაუარესდა. ინფიცირებულთა დღეღამურმა მაჩვენებელმა ოთხნიშნა რიცხვს მიაღწია. საქართველოში ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო 10 სექტემბრიდან აიკრძალა სარიტუალო ღონისძიებების, ქორწილების, იუბილეების და სხვ. გამართვა.

არსებული ვითარების ფონზე სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრას მოითხოვენ.

„ჩვენი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ შესაძლებელია რამდენიმე დღეში ეს სფერო სრულიად გაჩერდეს და საქმიანობა ვეღარ შეძლოს. თუ ხელისუფლებასა და ჩვენ შორის კომუნიკაცია ვერ დამყარდება, მაშინ მთავრობას ჩვენს ხმას ქუჩიდან მივაწვდენთ“, – განაცხადა რესტორნების ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ.

საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა განსაკუთრებით საგანგაშოა ბათუმში, თბილისსა და იმერეთის რეგიონში – თბილისსა და იმერეთში რესტორნებსა და ღამის კლუბებს 16 ოქტომბრის 22:00 საათიდან მომხმარებლის მომსახურებაზე შეზღუდვა დაუწესდათ. მანამდე ანალოგიური შეზღუდვა ამოქმედდა ბათუმში.

გარდა ამისა, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, 22 საათიდან რესტორნებს საქმიანობა ეზღუდებათ მცხეთაშიც. 

წარწერა რესტორანთან - Sputnik საქართველო
იცავენ თუ არა ბარები და რესტორნები ახალ წესებს – შრომის ინსპექციის მონიტორინგი

ახალი შეზღუდვების შესრულების პროცესზე კონტროლს შრომის ინსპექცია, სურსათის ეროვნული სააგენტო და შსს ახორციელებენ.

ახალი წესების დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას – ფიზიკური პირებისთვის 2 ათასი ლარით, იურიდიული პირებისთვის კი 10 ათასი ლარით.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლებმა რესტორნებისა და ღამის ბარების მხრიდან პანდემიის პერიოდში დადგენილი წესების დარღვევის 11 ფაქტი გამოავლინეს – თითოეული ობიექტი 10 ათასი ლარით დაჯარიმდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1194-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 19857-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 8666 ადამიანი, გარდაიცვალა – 158, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6407, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 2862 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1420 ადამიანი იმყოფება.

ახალი კორონავირუსი საქართველოში პირველად 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0