კლინიკებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის 127 სპეციალური საარჩევნო უბანი შეიქმნა

© Sputnik / Levan Avlabreliსაარჩევნო ყუთი
საარჩევნო ყუთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპეციალური საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნება, გადასატანი ყუთით ხმის მიცემის პროცედურა დაიწყება 08:00 საათზე და 20:00 საათამდე გასტანს.

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი პირებისთვის ხმის მიცემის უზრუნველსაყოფად, ბოლო მონაცემებით, 127 სპეციალური საარჩევნო უბანი შეიქმნა, განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე. 

არჩევნები - Sputnik საქართველო
კარანტინი და არჩევნები: კენჭისყრაში მონაწილეობას ყველა შეძლებს

არჩევნებში მონაწილეობის მიზნით თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმა ცესკოს განცხადებით 26 ოქტომბრის 22:00 საათამდე უნდა მიმართონ.

როგორც ცესკოს პრეს-სპიკერმა აღნიშნა, უკვე გამოცხადებულია კონკურსი ზემოაღნიშნული 127 საარჩევნო უბნის დაკომპლექტების თაობაზე. სწორედ სპეციალური ჯგუფები უზრუნველყოფენ სტაციონარულ დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობას, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვითა და უსაფრთხოების სრული გარანტიით.

სპეციალური ჯგუფის თითოეული წევრი, ისევე, როგორც საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილე, აღჭურვილი იქნება შესაბამისი ეკიპირებით, კერძოდ, ერთჯერადი ხალათით, ნიღბით, ხელთათმანით, დამცავი ფარითა და სადეზინფექციო საშუალებებით. ამასთან, სპეციალური ჯგუფის წევრების მიერ ამომრჩევლებისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთისა და საარჩევნო ბიულეტენების გადაცემა მოხდება ამომრჩევლებთან ახლო კონტაქტის გარეშე, არანაკლებ 1,5 მეტრი დისტანციის დაცვით.

მიქელაძის ინფორმაციით, სპეციალური საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნება, გადასატანი ყუთით ხმის მიცემის პროცედურა დაიწყება 08:00 საათზე და 20:00 საათამდე გასტანს.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობას იღებს 48 პარტია და 2 ბლოკი. ამომრჩევლებს მოუწევთ 150 დეპუტატის არჩევა – 120 აირჩევა პროპორციული სისტემით, ხოლო 30 – მაჟორიტარულით.

პარალელურად ამავე დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს და რამდენიმე მუნიციპალიტეტში მერებისა და საკრებულოს დეპუტატების არჩევნები ჩატარდება. 

საქართველოში არჩევნები პანდემიის პირობებში პირველად ტარდება. ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 18663-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 8 338, გარდაიცვალა 143 პაციენტი.

ყველა ახალი ამბავი
0