03:26 26 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0147
  • 100 RUB4.3931
  • USD3.3043
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
87 0 0

გამყრელიძის თქმით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი 25 ათასი დოზა – ოთხკომპონენტიანი, ფრანგული წარმოების ვაქცინა უკვე განაწილებულია თბილისსა და რეგიონებში.

თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში უკვე ცირკულირებს ადენოვირუსი, რინოვირუსი, თუმცა გრიპის ვირუსი და სხვა კორონავირუსები არ ფიქსირდება, განაცხადა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. 

გამყრელიძის განმარტებით, ზოგადად, შემოდგომაზე, ოქტომბრის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია გაციების პერიოდი და რესპირაციული ინფექციების თანდართვა. ეპიდემიოლოგი მოსახლეობას გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარებისკენ მოუწოდებს, განსაკუთრებით ახლა, როდესაც კორონავირუსის თვალსაზრისით ქვეყანაში რთული ეპიდემიური ვითარებაა და ამას მალე თან სეზონური გრიპებიც დაერთვება.

გამყრელიძის თქმით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი 25 ათასი დოზა – ოთხკომპონენტიანი, ფრანგული წარმოების ვაქცინა უკვე განაწილებულია თბილისსა და რეგიონებში, რომელთაც პირველ რიგში ყველაზე უფრო მაღალი რისკ-ჯგუფებისთვის გამოიყენებენ.

რისკ–ჯგუფს მიეკუთვნებიან ორსულები, მოხუცებულთა და ბავშვთა სახლების ბენეფიციარები, ბაღების პედაგოგები და მომვლელი პერსონალი, აივ და C ჰეპატიტით დაავადებული პირები და ა.შ.

გამყრელიძის განცხადებით, სახელმწიფოს ჯამში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის 135 ათას დოზაზე აქვს კონტრაქტი დადებული და დანარჩენი 110 ათასი დოზა ქვეყანაში მომდევნო კვირაში შემოვა.

საქართველოში ყველაზე ხშირად B ტიპის ვირუსი ფიქსირდება, რომელიც ხასიათდება კლინიკურად შედარებით მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობით. ასევე ხვდება A ტიპის – H3 და H1 ვირუსები, აგრეთვე რინოვირუსები.

სპეციალისტების აზრით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არის გრიპის პრევენციის და მისგან გამოწვეული მძიმე შედეგების ყველაზე ეფექტური სპეციფიკური საშუალება. სამეცნიერო კვლევებით დადგენილია, რომ ვაქცინაციას შეუძლია გრიპით დაავადების რისკი შეამციროს 60%-ით მთელ მოსახლეობაში გრიპის სეზონის განმავლობაში.

 

მთავარი თემები