08:53 29 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7970
  • 100 RUB4.1230
  • USD3.2345
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2228)
337 0 0

მიმდინარე წლის მარტში ამერიკაში სამედიცინო დაწესებულებებს ნება დართეს, კორონავირუსის მკურნალობაში უკვე გამოჯანმრთელებული ადამიანის პლაზმა დაავადებული ადამიანების სამკურნალოდ გამოეყენებინათ

თბილისი, 17 ოქტომბერი - Sputnik. პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის" ლიდერებმა, რომლებმაც კორონავირუსი დაამარცხეს, სხვების დასახმარებლად სისხლის პლაზმა ჩააბარეს.

ლევან გოგიჩაიშვილი, ჯაბა ჯიშკარიანი და გედევან ფოფხაძე პლაზმის ჩაბარების აქციას კლინიკა „ჰემოპლაზმაში" შეუერთდნენ. ისინი კორონავირუსისგან რამდენიმე კვირის წინ გამოჯანმრთელდნენ.

„ეს ნამდვილად იქნება სასარგებლო იმ პაციენტებისთვის, ვინც დღეს მკურნალობენ. ჩვენ ისეთი დრო გვიდგას, რომ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა და თანადგომა ყველამ უნდა გამოვიჩინოთ, ვინაიდან ეპიდინფექციონისტები ამაში ხედავენ მკურნალობის ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებას, ალბათ არავინ არ უნდა დაიზაროს", - განაცხადა ფოფხაძემ.

როგორც პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა, დღეს ქვეყანაში ინფექციის მიმართულებით მძიმე მდგომარეობაა და მთავრობამ ადამიანებს გვერდში დგომისკენ უნდა მოუწოდოს.

„დღეს არის მძიმე მდგომარეობა, აჭარაში ფაქტობრივად, სიტუაცია ჩავარდნილია. თითქმის აღარ არსებობს თავისუფალი საწოლები. თბილისში სამწუხაროდ, იზრდება პროცესი. რიცხვი იზრდება, სხვადასხვა რაიონში იზრდება, ხელისუფლება დუმს, არაფერს არ გვეუბნება, გვითხრან სიმართლე, რომ ჩვენ, საზოგადოების წევრებიც, მათ ამოვუდგეთ გვერდში", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ჯაბა ჯიშკარიანის თქმით, პლაზმის ჩაბარების პროცედურა ადამიანის ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხოა.

„აგვიღეს 1,5 ლიტრა სისხლი, აქედან დამზადდა 700 გრამამდე პლაზმა, ხოლო გაფილტრული პლაზმაგამოცლილი სისხლი უკან დაგვიბრუნდა. შესაბამისად ეს არის სრულიად უსაფრთხო პროცედურა ადამიანის ჯანმრთელობისთვუს და ყველა ადამიანმა, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა, პლაზმის ჩაბარების აქციას უნდა შეუერთდეს. რა საკვირველია, სისხლის ჩაბარების დროს გათვალისწინებული იქნება ადამიანის ჯანმრთელობის ზოგადო მდგომარეობა“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.

რამდენიმე დღის წინ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ კორონავირუსით გამოჯანმრთელებულ ადამიანებს სისხლის პლაზმის ჩაბარებისკენ მოუწოდა. მისი განმარტებით, ეს ინოვაციური მეთოდია და პლაზმით მკურნალობა  კორონავირუსის წინააღმდეგ ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებად ითვლება. ცერცვაძის განცხადებით, ექვსი მძიმე პაციენტის შემთხვევაში მკურნალობის აღნიშნული მეთოდი იყო გამოყენებული და ყველა შემთხვევა გამოჯანმრთელებით დასრულდა. თუმცა, როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, პლაზმის გადატანა პანაცეა არაა და, შესაძლოა, რიგ შემთხვევებში ეფექტური არც იყოს.

ინფიცირებულებისთვის პლაზმის გადაცემის სურვილი 15-მდე გამოჯანმრთელებულმა უკვე გამოთქვა. იმისთვის, რომ ეს ადამიანები დონორები გახდნენ, მათ სისხლს B და C ჰეპატიტსა და შიდსზე შეამოწმებენ. ასევე დონორობაზე უარს ეტყვიან მათ, ვისაც აქვს ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი.

კორონავირუსისგან განკურნებულის სისხლიდან პლაზმის აღება გამოჯანმრთელებიდან 3 კვირის შემდეგ შეიძლება. ამ დროს უკვე საკმარისი რაოდენობის ანტისხეულებია გამომუშავებული, რომელიც ინფიცირებული პაციენტის სხეულში მოხვედრის შემთხვევაში, მას ვირუსის დამარცხებაში დაეხმარება. დონორად მხოლოდ 65 წლამდე ჯანმრთელი პირი განიხილება და მისგან მხოლოდ 800 გრამამდე პლაზმის აღება შეიძლება.

ამ დროისთვის საქართველოში გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 7827-ს მიაღწია, გარდაიცვალა – 128 პაციენტი.

2020 წლის 24 მარტს ამერიკის შეერთებული შტატების სურსათის და მედიკამენტების ადმინისტრაციამ სამედიცინო დაწესებულებებს დართო ნება, რომ ამერიკაში კორონავირუსის მკურნალობაში უკვე გამოჯანმრთელებული ადამიანის პლაზმა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი დაავადებული ადამიანების სამკურნალოდ გამოიყენონ.

გამოჯანმრთელებული ადამიანის პლაზმური მკურნალობა საუკუნეების წინ დაიწყო. მას ჯერ კიდევ 1918 წლის გრიპის პანდემიის დროს იყენებდნენ, თანამედროვე ვაქცინებისა და ანტივირუსული პრეპარატების მიღებამდე. ასევე სწორედ ეს მეთოდი გამოიყენებოდა ისეთ ინფექციურ დაავადებებთან სამკურნალოდ როგორებიცაა ებოლა, SARS, MERS, H1N1 და ცნობილი ესპანკა.

 

თემები:
COVID-19 საქართველოში (2228)

მთავარი თემები