თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის მერიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“.
გავრცელებული ინფორმაციით, პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ე.წ. „ოქროს ბირჟის“ კლასტერის კონტაქტია, სადაც მისი ოჯახის წევრია დასაქმებული.
აღნიშნული პირი მერიის კულტურისა და სპორტის განყოფილების თანამშრომელია. მასთან კონტაქტში მყოფ 10-მდე თანამშრომელს PCR–ტესტი ჩაუტარდა, ისინი თვითიზოლაციაში არიან გადასული.
„აღნიშნულ პირს კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა, მასთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირს, 10-მდე ადამიანს PCR–ტესტი ჩაუტარდა და თვითიზოლაციაში იმყოფებიან. შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა და უწყება მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 680-ით გაიზარდა, აქედან 297 შემთხვევა თბილისს უკავშირდება.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 13521-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 7159 ადამიანი, გარდაიცვალა – 109, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5590, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1393 ადამიანი იმყოფება.
ქვეყანაში ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.