00:12 29 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8094
  • 100 RUB4.2136
  • USD3.2242
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
67 0 0

დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვაქცინის დამატებითი რაოდენობის შეძენაზეც მუშაობს და, სავარაუდოდ, ნოემბრის შუა რიცხვებამდე ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის კიდევ 100 ათასი დოზა შემოვა.

თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი 25 ათასი დოზა – ოთხკომპონენტიანი, ფრანგული წარმოების ვაქცინა უკვე განაწილდა თბილისსა და რეგიონებში, განაცხადა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.

გამყრელიძის განცხადებით, სახელმწიფოს ჯამში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის 135 ათას დოზაზე აქვს კონტრაქტი და დანარჩენი 110 ათასი დოზა ქვეყანაში მომდევნო კვირაში შემოვა.

მისი თქმით, პირველ ეტაპზე ვაქცინის 25 ათას დოზას გამოიყენებენ ყველაზე უფრო მაღალი რისკ-ჯგუფებისთვის.

„პირველ რიგში პოლიკლინიკებში აიცრებიან ყველაზე უფრო მაღალი რისკ-ჯგუფები. ესენი არიან ორსულები, მოხუცთა სახლების ბინადრები, ბავშვთა სახლების ბინადრები, ბაღების პედაგოგები და მომვლელი პერსონალი, შიდსიანი ავადმყოფები, რომლებიც იმყოფებიან მკურნალობაზე, ასევე ჰეპატიტიანი ავადმყოფები, ვინც მკურნალობს და დიალიზზეა“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

გამყრელიძის განმარტებით, 23 ოქტომბრიდან აიცრებიან დანარჩენი დიდი რისკ-ჯგუფები, მათ შორის სამედიცინო პერსონალი, დიაბეტიანი ავადმყოფები, ასევე სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები და სხვ.

„ამასთან, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ გარდა 135 ათასისა, სახელმწიფომ კიდევ დამატებით 100 ათასი დოზის მობილიზაცია მოახდინოს, რომლის შემოსვლის ალბათობა არის ოქტომბრის ბოლო და ნოემბრის შუა რიცხვები“, – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოს მოსახლეობაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის პოპულარიზაცია 2014-2015 წლებში დაიწყო. 2018 წელს ქვეყანამ შეიძინა 40 ათასი დოზა, მაგრამ პრეპარატის დიდი ნაწილი აუთვისებელი დარჩა. გასულ წელს ქვეყანამ შეიძინა უკვე 100 ათასი დოზა, საიდანაც გამოუყენებელი ძალიან მცირე ნაწილი დარჩა.

ეპიდემიოლოგები მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებენ, განსაკუთრებით ახლა, როდესაც კორონავირუსის თვალსაზრისით ქვეყანაში რთული ეპიდემიური ვითარებაა და ამას მალე სეზონური გრიპებიც დაერთვება თან.

მთავარი თემები