21:33 27 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8158
  • 100 RUB4.2209
  • USD3.2285
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს თავდაცვა (102)
43 0 0

„დელტას“ მიერ წარმოებული ჯავშანმანქანები სამხედრო ქვედანაყოფებს განაწილების გეგმის შესაბამისად, ეტაპობრივად გადაეცემა.

თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალებს სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ წარმოებული 40-მდე ერთეული ჯავშანმანქანა „დიდგორი“, მათ შორის „დიდგორი მედევაკი“ და მრავალფუნქციური დანიშნულების სხვადასხვა ტიპის ჯავშანმანქანები გადაეცა, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

უწყების ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც თავდაცვის ძალები ადგილობრივი წარმოების ჯავშანმანქანებით აღიჭურვა.

ჯავშანმანქანა „დიდგორის“ ქვედანაყოფებისთვის გადაცემის ღონისძიებას ირაკლი ღარიბაშვილი ნატო–საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) დაესწრო.

მინისტრის განცხადებით, ქართული სამხედრო მრეწველობის განვითარების მაქსიმალური მხარდაჭერა და თავდაცვის ძალების ეროვნული წარმოების სამხედრო ტექნიკით აღჭურვა უწყებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 40-მდე „დიდგორის” ტიპის სამედიცინო და მრავალფუნქციური დანიშნულების ჯავშანმანქანა თანამედროვე და მაღალი სტანდარტების მიხედვით არის აწყობილი. სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“ სამედიცინო დანიშნულების, უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების ზონიდან უსაფრთხო ტერიტორიაზე გადასაყვანად და ტრანსპორტირების დროს პირველადი სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად არის შექმნილი. „დიდგორის“ სხვადასხვა ტიპის ჯავშანმანქანები კი მრავალფუნქციური დაჯავშნული სამხედრო-სატრანსპორტო საშუალებებია, რომელიც ბრძოლის ველზე პირადი შემადგენლობის გადასაყვანად და სადაზვერვო ოპერაციების ჩასატარებლად არის განკუთვნილი.

„დელტას“ მიერ წარმოებული ჯავშანმანქანები სამხედრო ქვედანაყოფებს განაწილების გეგმის შესაბამისად, ეტაპობრივად გადაეცემა.

საქართველოში სამხედრო ქარხანა „დელტას“ ისტორია სათავეს 60-იანი წლების დასაწყისიდან იღებს. ამჟამინდელი სახით ცენტრი 2010 წლიდან არსებობს. ის აერთიანებს ექვს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტსა და თბილისის საავიაციო ქარხანას, იმყოფება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში.

„დელტა“ აწარმოებს ჯავშანმანქანებს, ნაღმმტყორცნებს, უნივერსალურ საბრძოლო მოდულებს, უპილოტო საფრენ აპარატებს, პისტოლეტებს, შაშხანებს, ჯავშანჟილეტებსა და სხვ. სამხედრო ცენტრს თავისი პროდუქცია უკვე გააქვს ექსპორტზე საზღვარგარეთ.

თემები:
საქართველოს თავდაცვა (102)

მთავარი თემები