02:58 25 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9447
  • 100 RUB4.3629
  • USD3.3193
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2499)
243 0 0

ეპიდემიოლოგები ახალი გამოწვევის - გრიპის სეზონის მოლოდინში ცდილობენ კორონავირუსის მართვის პროცესის მაქსიმალურ ოპტიმიზაციას

თბილისი, 7 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს მთავრობის ახალი დადგენილებით, კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირი ყოველგვარი ტესტირების გარეშე დაუყოვნებლივ გადადის თვითიზოლაციაში ან კარანტინში.

გიორგი გახარია:  კორონავირუსთან ადაპტაციის ეტაპზე ვიმყოფებით >>

როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, დღეისათვის საქართველოში უსიმპტომო პაციენტების რაოდენობა 30-40%-ის ფარგლებში მერყეობს. უსიმპტომო პაციენტები 12 დღის შემდეგ ყოველგვარი ტესტის გარეშე თავისუფლდებიან კარანტინისა და თვითიზოლაციისგან. იმ შემთხვევაში, თუ მათ რაიმე სიმპტომი გამოუვლინდათ, ისინი ვალდებულნი არიან ჩააბარონ PCR-ტესტი. დადებითი პასუხის შემთხვევაში პაციენტზე დაკვირვება შემუშავებული პროტოკოლით წარიმართება.

გარდა ამისა, უცხოეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებს კარანტინის მერვე დღეს ჩაუტარდებათ მაღალი ხარისხის სწრაფი ტესტი ანტიგენზე. ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ისინი კარანტინის დატოვებას შეძლებენ. საეჭვო პასუხის შემთხვევაში კი PCR-ტესტი ჩატარდება. ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ადამიანებმა ზედმეტი დრო არ გაატარონ კარანტინსა თუ თვითიზოლაციაში, განმარტა ეპიდემილოგმა.

გამყრელიძის თქმით, სავარაუდოდ, კორონავირუსის ვაქცინა მომავალი წლის გაზაფხულზე იქნება ხელმისაწვდომი.

„ცხადია, უცბათ შვიდ მილიარდ ადამიანს ვერ ავცრით. ამიტომ დიდი აქცენტი კეთდება წამლის შექმნაზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძე ასევე თავისი კოლეგის ინფიცირების თემას შეეხო. როგორც ცნობილია, 4 ოქტომბერს კორონავირუსი დაუდგინდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომელს. გამყრელიძის თქმით, ის ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირია და პროფესიული მოვალეობების შესრულებისას დაინფიცირდა. სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, ცენტრის ყველა თანამშრომელი ყოველ 48 საათში ერთხელ იტესტება.

ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა აღნიშნა, რომ კორონავირუსთან თანაცხოვრება მინიმუმ ერთი წელი მოგვიწევს, რადგან ბოლო რვა თვის განმავლობაში სამედიცინო სფეროში რაიმე რადიკალური გარღვევა ინფექციასთან ბრძოლის კუთხით არ მომხდარა.

„ძალიან კარგია, რომ პირბადეს შევეჩვიეთ, ხელს ვიბანთ და ნახავთ, რომ ეს გრიპის სეზონზეც დადებითად იმოქმედებს“ , - განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველომ სეზონური გრიპისთვის 135 000 ვაქცინა შეისყიდა, რომლის პირველი ნაწილი, 25 000 დოზა ქვეყანაში 9 ოქტომბერს შემოვა, დანარჩენი ნაწილი - 20-25 ოქტომბერს. ასევე ელოდებიან 200 000-მდე სწრაფ ტესტს კორონავირუსზე.

„განსაკუთრებით გვაინტერესებს, პირველად როდის გამოჩნდება გრიპის ვირუსი ცირკულაციაში. როგორც წესი, ეს ხდება დაახლოებით ნოემბრის შუა რიცხვებში. გრიპი იმდენად ფართოდ გავრცელებული ინფექციაა, რომ მისი ინდივიდუალური ტესტირება, როგორც ამას კოვიდზე ვაკეთებთ, არსად ხდება და პრაქტიკაში არ არის“, - განაცხადა გამყრელიძემ და დასძინა, რომ გამოცდილი ექიმი შეძლებს კლინიკურად განასხვავოს ერთმანეთისგან კორონავირუსი და გრიპის ვირუსი.

მისი თქმით, ეს ინფექციები ძალიან გვანან ერთმანეთს, მაგრამ განსხვავებაც არსებობს. კლინიკაში მწვავე რესპირატორული სიმპტომების მქონე პაციენტებს კორონავირუსის გამოსარიცხად აუცილებლად ჩაუტარებენ PCR-ტესტს, იქვე შესაძლებელი იქნება გრიპის ვირუსზე ტესტის ჩატარება, რათა მკურნალობის პროცესი სწორად წარიმართოს.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2499)

მთავარი თემები