18:13 30 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7913
  • 100 RUB4.0794
  • USD3.2338
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2243)
61 0 0

ამჟამად საქართველო მონოკლონური ანტისხეულების კლინიკურ გამოცდებში მონაწილეობს და მედპერსონალის ონლაინ–ტრენინგებს ატარებს.

თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. საქართველო 2–3 კვირაში ე.წ. მონოკლონურ ანტისხეულებს მიიღებს, რომელიც კორონავირუსის სამკურნალოდ გამოიყენება, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

მონოკლონური ანტისხეულები – იმუნური სისტემის ერთ-ერთი საშუალებაა, ორგანიზმში შეუტიოს უცხო ნივთიერებებს ანტისხეულების გამოყენებით.

ცერცვაძე: ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით მკაცრ ზომებს არ მივმართავთ>>

ცერცვაძის განცხადებით, საქართველო მონოკლონური ანტისხეულების კლინიკურ გამოცდებში ჩაერთო და ამ ეტაპზე ონლაინ–ტრენინგები მიმდინარეობს.

„მონოკლონური ანტისხეულები, ცნობილია, რომ სხვადასხვა დაავადებების დროს გამოიყენება. ეს არის ანტისხეული, რომელიც აბსოლუტური სიზუსტით ჯდება სამიზნეზე და ანადგურებს მას. მონოკლონური ანტისხეულები „კოვიდის“ საწინააღმდეგოდ უკვე შექმნილია და მისი დანიშნულებაა – ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილი ვირუსი გაანეიტრალოს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ამ ანტისხეულების გამოცდა აშშ-ში და მსოფლიოს რამდენიმე წამყვან ქვეყანაში დაიწყო. ამერიკელი მეცნიერ–მედიკოსის, იმუნოლოგისა და ინფექციონისტის ენტონი ფაუჩის პირდაპირი რეკომენდაციით საქართველო კლინიკური გამოცდების მონაწილე ქვეყნების სიაში მოხვდა.

მონოკლონური ანტისხეულების გარდა, 2–3 კვირაში საქართველოში ასევე შემოვა პრეპარატი „რემდესივირი“, რომელიც კორონავირუსის დროს სამკურნალოდ გამოიყენება, აღნიშნა ცერცვაძემ და დასძინა, რომ მათი გარანტირებული ეფექტურობა ჯერ დამტკიცებული არ არის.

ცერცვაძემ ასევე ისაუბრა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი გაიდლაინის შესახებ, რომლის თანახმად, პაციენტი კორონავირუსისგან შეიძლება ბოლომდე განკურნებული არ იყოს, მაგრამ 10–13 დღის შემდეგ ის გადამდები აღარ არის.

„ამერიკის წამლისა და საკვები პროდუქტების სააგენტომ და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ოფიციალურად შეიმუშავეს ეს რეკომენდაცია. ჩვენ ვალდებული ვართ შევასრულოთ. მათ სერიოზული გამოკვლევებით დაადასტურეს, რომ კოვიდით შეიძლება ბოლომდე პაციენტი არ იყოს მორჩენილი, მაგრამ ათს პლუს სამი დღის შემდეგ გადამდები აღარ არის, მას შეიძლება ჰქონდეს პნევმონია, ან თრომბოემბოლია, მაგრამ მიიჩნევენ, რომ ის გადამდები არ არის“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ამიტომ მსოფლიოში შემუშავდა რეკომენდაცია, რომ ათი დღის შემდეგ, თუ პაციენტი სამი დღის განმავლობაში უსიმპტომო რჩება, მას ტესტირების გარეშე გაწერენ კლინიკიდან. ეპიდემიოლოგის განცხადებით, სიფრთხილის გამო ამ რეკომენდაციას საქართველო ყველაზე გვიან შეუერთდა.

ცერცვაძე: საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი, ვინც COVID-19-ის ვაქცინას მიიღებს>>

ამასთან, ცერცვაძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში ამ დროისათვის 3 ათასი საწოლია მობილიზებული და ყველა პაციენტი კვალიფიციურ დახმარებას იღებს. ასობით შემთხვევა დღეში არ ნიშნავს, რომ ქვეყანა ვეღარ აკონტროლებს ეპიდვითარებას.

ცერცვაძის განცხადებით, საქართველო უმკლავდება და აკონტროლებს ვითარებას დღეში 500–600 შემთხვევის პირობებში, მაგრამ როგორი იქნება ეპიდემიური მდგომარეობა დღეში 700, 900 ან 1,5 ათასი შემთხვევის დროს, ამის თქმა რთულია.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 508-ით გაიზარდა და და 9753-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 5235 ადამიანი, გარდაიცვალა – 62, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5655, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1230 ადამიანი იმყოფება.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2243)

მთავარი თემები