17:24 29 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7970
  • 100 RUB4.1230
  • USD3.2345
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2236)
133 0 0

კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ამ ეტაპზე ისევ აჭარაში ვლინდება. მიზნობრივი ტესტირება აჩვენებს, რომ რეგიონში პრაქტიკულად ყოველი მეხუთე ტესტირებული ინფიცირებულია

თბილისი, 6 ოქტომბერი - Sputnik. აჭარაში შეზღუდვების მოხსნის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება, რადგან დღევანდელი მონაცემები და ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ამის საშუალებას არ იძლევა, განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ ჟურნალისტებთან.

დღეს ბათუმში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით აქცია გაიმართა. შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, ისინი საზღვრების,  სკოლებისა და საბავშვო ბაღების გახსნას, საბანკო პროცენტების ჩამოწერას და კომპენსაციის გაგრძელებას მოითხოვენ. აქციის რამდენიმე მონაწილემ აჭარის მთავრობის შენობასთან შიმშილობა დაიწყო.

„ის შეზღუდვები, რომლებიც დღეს აჭარაშია დაწესებული, არის მინიმალური, ეკონომიკური მდგომარეობისა და ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, რისი მიზანიც არის ადამიანების მობილობის შემცირება და უსაფრთხოება. დავაკვირდებით მომდევნო დღეებს და ისევ ეპიდსიტუაციიდან გამოდინარე, ცენტრალურ დონეზე, საკოორდინაციო საბჭო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა  აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა.

კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ამ ეტაპზე ისევ აჭარაში ვლინდება. მიზნობრივი ტესტირება აჩვენებს, რომ რეგიონში პრაქტიკულად ყოველი მეხუთე ტესტირებული ინფიცირებულია. აჭარაში დიდი ხანია კლასტერებს აღარ ითვლიან.

მძიმე ეპიდსიტუაციის გამო, მთავრობის გადაწყვეტილებით, 26 სექტემბრიდან აჭარაში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, რესტორნები ღამის საათებში არ მუშაობენ. რაც შეეხება 1 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესის სკოლებში განახლებას, რეგიონი გამონაკლისი აღმოჩნდა – აქ სასწავლო პროცესი ყველა საფეხურზე დისტანციურად გაგრძელდა.

ამასთან, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ დღეს აღნიშნა, რომ სიტუაცია რეგიონში და მთელს ქვეყანაში კონტროლირებადია და „ყველა პაციენტი უზრუნველყოფილია კვალიფიციური სამედიცინო დახმარებით“.

გასულ დღე-ღამეში კოვიდ-ინფიცირებულების ზრდამ 549 ადამიანი შეადგინა, აქედან 348 შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2236)

მთავარი თემები