იმნაძე: აჭარაში ვითარების დასტაბილურების პირველი ნიშნები გამოიკვეთა

© Government of Georgia photo: Government of Georgia / FBპაატა იმნაძე
პაატა იმნაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
შემთხვევების ნახტომისებური მატება არ ხდება, რაც პირველი დამაიმედებელი ნიშანია იმისა, რომ მოსახლეობა გაცილებით უკეთ იცავს წესებს, აღნიშნა პაატა იმნაძემ.

თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო აჭარას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა და სიტუაციის სტაბილიზაციის პირველი ნიშნები უკვე გამოიკვეთა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილემ პაატა იმნაძემ, რომელიც ბათუმში იმყოფება.

ბათუმის სათნოების სახლის 25 ბენეფიციარსა და 10 თანამშრომელს კორონავირუსი გამოუვლინდა>>>

მისი თქმით, აჭარა კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზეა.

„მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ვითარება მალე დასტაბილურდეს და პირველი ნიშნები უკვე გამოიკვეთა. თუ უახლოეს დღეებში ასე გაგრძელდება, შესაძლოა, მოვახდინოთ დასტაბილურება. არ ხდება შემთხვევების ნახტომისებური მატება, რაც პირველი დამაიმედებელი ნიშანია იმისა, რომ მოსახლეობა გაცილებით უკეთ იცავს რეკომენდაციებს, ვიდრე ერთი თვის წინ. ასევე უნდა იმოქმედოს დამატებით დაწესებულმა რეგულაციებმაც“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას იმნაძე ლეტალური შემთხვევების მატების ფაქტს შეეხო.

მისი თქმით, თითოეული ადამიანის გარდაცვალება მისი ოჯახისა და ახლობლებისთვის ტრაგედიაა. ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდას ეპიდემიოლოგი რეკომენდაციებისა და წესების დაუცველობით ხსნის, რაც, მაგალითად, აგვისტოში დაფიქსირდა. 

ტესტირება - Sputnik საქართველო
ენდელაძე: კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 235 აჭარას უკავშირდება

„თუ პირველ 1900 პაციენტზე იყო 19 გარდაცვალება, დღეს 4000-ზე მეტი პაციენტი გვყავს დამატებული და თითქმის ორჯერ გაზრდილი ინფიცირებულთა რაოდენობიდან გვყავს ასევე 19 გარდაცვლილი. სხვა მხრიდან რომ შევხედოთ, რომ არ ვიცოდეთ აგვისტოში რაც ხდებოდა, ეს გასაკვირი იქნებოდა“, – განაცხადა იმნაძემ.

ამასთან, მან წუხილი გამოთქვა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ინფექციამ ბათუმის მოხუცებულთა თავშესაფარში შეაღწია.

„ჩვენ დასავლეთის ქვეყნების ძალიან ტრაგიკული გამოცდილება გვაქვს, სადაც მოხუცთა თავშესაფარში შეღწეულმა ინფექციამ მაღალი ლეტალობა გამოიწვია, იგივე შვედეთში, სადაც ვერ მოხერხდა მოხუცების საავადმყოფოებში გადაყვანა. აქ კი ყველა, ვისაც დახმარება სჭირდება, საავადმყოფოებშია გადაყვანილი და მაღალი ხარისხის მომსახურებას იღებენ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ბათუმის სათნოების სახლ „სავანეში" კორონავირუსი 25 ხანდაზმულს და 10 თანამშრომელს დაუდასტურდა.

ყველა ახალი ამბავი
0