08:21 30 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7913
  • 100 RUB4.0794
  • USD3.2338
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
განათლება საქართველოში (338)
243 0 0

რა მოხდება, თუ სკოლაში ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდება? ეს საკითხი აწუხებს ყველას – პედაგოგებს, მოსწავლეებს, განსაკუთრებით კი მშობლებს.

თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს განათლების სამინისტრო კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით შეზღუდვებს მხოლოდ იმ სკოლებში დააწესებს, სადაც ინფექცია დადასტურდება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“. 

სამინისტრო აცხადებს, რომ თუ რომელიმე სკოლაში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდება, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, ყველა პედაგოგი და მოსწავლე თვითიზოლაციაში გადავა, სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება, სასწავლო პროცესი კი დისტანციურად წარიმართება.

საქართველოს საჯარო სკოლებმა დისტანციური სწავლების გამოცდილება ჯერ კიდევ გასულ სასწავლო წელს მიიღეს. 600 ათასზე მეტი მოსწავლე და 55 ათასამდე მასწავლებელი საგანმანათლებლო ონლაინ–პროგრამების სპეციალურ პროფილებზე არიან რეგისტრირებული. სამინისტროს მხარდაჭერით მათ შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ Microsoft office 365-ის პლატფორმებით, რომელიც მოიცავს Microsoft TEAMS, OneNote-ს და სხვ.

გარდა ამისა, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენლებმა (EMIS) სახელმწიფო სკოლების ყველა კლასისთვის პროგრამაში TEAMS შექმნეს ვირტუალური საკლასო ოთახები და ისინი პედაგოგებს სასწავლო პროცესისთვის აუცილებელი ტექნოლოგიური ინსტრუმენტების გამოყენებაში ეხმარებიან.

ასევე უწყებაში აღნიშნავენ, რომ დისტანციური სწავლების ერთ-ერთი ძირითადი რესურსი „ტელესკოლაა“ – საგანმანათლებლო ტელეპროექტის ბადეში ყველა საფეხურის საგნები შედის. ამასთან მაქსიმალურადაა გათვალისწინებული განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების ინტერესები. 

რაც შეეხება სკოლებში უსაფრთოებას, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ახალი სასწავლო წლისთვის სამინისტრომ ყველა საჯარო სკოლა სრულად უზრუნველყო პირბადეებით, დეზობარიერებით, სადეზინფექციო სითხეებითა და თერმოსკრინინგის აპარატებით.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 ოქტომბრიდან საჯარო სკოლების I-VI კლასების მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდებიან. აღნიშნული გადაწყვეტილება აჭარის გარდა საქართველოს ყველა რეგიონს ეხებოდა, თუმცა, ბოლო დღეებში შექმნილი ეპიდვითარების გათვალისწინებით, აჭარასთან ერთად სწავლა დისტანციურად გაგრძელდება გურიისა და სამეგრელოს რეგიონების რამდენიმე სკოლაში.

დღეისათვის საქართველოში კორონავირუსის ინფექციით 36 ადამიანი გარდაიცვალა. 29 სექტემბრის მონაცემებით, ინფიცირებულთა რაოდენობამ 5866-ს მიაღწია, მათგან გამოჯანმრთელდა 2324. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
განათლება საქართველოში (338)

მთავარი თემები