14:55 28 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8094
  • 100 RUB4.2136
  • USD3.2242
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
141 0 0

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ე.წ. სატელიტური ფოტოები თავისი არასამთავრობო ორგანიზაციის რეკლამირების მიზნით გააყალბა.

თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ დავით ფურცხვანიძისთვის წაყენებული ბრალის დეტალები გაასაჯაროვა, რომელიც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ყალბი ფოტოების გავრცელებისთვის დღეს დააკავეს.   

ფურცხვანიძე იყო დაღუპული პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის წყარო. საუბარია ე.წ. სატელიტურ ფოტოებზე, რომლებიც რამიშვილმა გაავრცელა. ფოტოებზე, რომლებიც 19–22 ივლისითაა დათარიღებული, ჩანს, რომ გოგონას ავტომობილი იმ ადგილზე არ იდგა, სადაც გარდაცვლილი 22 ივლისს აღმოაჩინეს.

პროკურატურამ დაადგინა, რომ ფურცხვანიძემ, რომელიც ხელმძღვანელობს არასამთავრობო ორგანიზაცია „უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისულ ცენტრს“, საკუთარი ორგანიზაციის რეკლამირებისა და დაფინანსების მიღების მიზნით გააყალბა მტკიცებულებები, რომლებიც გაამყარებდა ოჯახის ვერსიას იმის შესახებ, რომ დაღუპული გოგონას ავტომობილი იმ ადგილზე იმ დღეს მიიყვანეს, როცა გარდაცვლილი იპოვეს.

ბრალდების ვერსიით, დაკავებული დაუკავშირდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს და სთხოვა შემთხვევის ადგილის კოორდინატების მიწოდება. 7 სექტემბერს დავით ფურცხვანიძემ სოციალურ ქსელ „სკაიპის” მეშვეობით მიიღო პროგრამა zoom.earth-ის 2019 წლის ნოემბრის შესაბამისი კოორდინატების სატელიტური ფოტოსურათები და განიზრახა აღნიშნული ფოტოების გაყალბება.

ამ მიზნით ზემოხსენებული ფოტოები ელექტრონული ფოსტის გამოყენებით გადაუგზავნა თავის შვილს და სთხოვა დამუშავება იმ ფორმით, რომ შთაბეჭდილება შექმნილიყო, თითქოსდა აღნიშნული სატელიტური ფოტო გადაღებულია 2020 წლის 19 ივლისს და მასზე თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა არ არის ასახული. 

დაკავებულმა გაყალბებული სურათები სოციალურ ქსელ WhatsApp-ის საშუალებით გადაუგზავნა მიხეილ რამიშვილს, რომელმაც, თავის მხრივ, აღნიშნული ფოტოები წარუდგინა გამოძიებას მტკიცებულების სახით.

დაკითხვისას ფურცხვანიძემ განაცხადა, რომ ეს ფოტოები ავთენტურია, თუმცა ექსპერტიზამ მათი გაყალბების ფაქტი დაადგინა.

დაკავებულს ბრალი წაყენებული აქვს საქართველოს სსკ-ის 3691-ე მუხლის I ნაწილით და 370-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან ექვს წლამდე ვადით.

პროკურატურამ უკვე განაცხადა, რომ სასამართლოს მიმართავს ფურცხვანიძისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით – გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული აპირებს ქვეყნის დატოვებას და უკვე შეძენილი აქვს ავიაბილეთი და საზღვარგარეთის ერთ-ერთ ბანკში გახსნილი აქვს ანგარიში.

პროკურატურა არ გამორიცხავს საქმეზე სხვა პირების დაკავებასაც, რადგან საქმე დახურული არ არის. ბაჩალიაშვილის საქმის ადვოკატი ფიქრობს, რომ შემდეგი დაკავებული თავად ის იქნება.

მთავარი თემები