00:29 24 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8226
  • 100 RUB4.2699
  • USD3.2641
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
განათლება საქართველოში (316)
228 0 0

ელექტრონული ატესტატი არის ორიგინალი დოკუმენტის ასლი, რომელიც ორიგინალის თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ელექტრონული დოკუმენტია

თბილისი, 16 სექტემბერი - Sputnik. საქართველოში სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ატესტატის ელექტრონული ფორმით გაცემა დაიწყო, ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს განცხადებაში.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ელექტრონული ატესტატი არის ორიგინალი დოკუმენტის ასლი, რომელიც ორიგინალის თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ელექტრონული დოკუმენტია. სიახლის მიზანი სერვისებით სარგებლობის გამარტივება და ხელმისაწვდომობის გაზრდაა, რაც მომხმარებლის დროისა და რესურსის დაზოგვას უზრუნველყოფს.

„ელექტრონული ატესტატის მიღებამდე, სკოლადამთავრებულმა თავდაპირველად სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო მატერიალური დოკუმენტის მისაღებად განაცხადი უნდა გააკეთოს იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებში“, - ნათქვამია განცხადებაში.

მატერიალური დოკუმენტის დამზადების შემდეგ, სკოლადამთავრებული შეძლებს ელექტრონული პორტალიდან (my.gov.ge) ელექტრონული ატესტატი ჩამოტვირთოს განცხადების ჩაბარების დროს მისთვის გადაცემულ სამახსოვრო ბარათში მითითებული განცხადების ნომრისა და კოდის მეშვეობით და გადააგზავნოს საჭიროებისამებრ. პირმა შეიძლება ელექტრონული ატესტატით ისარგებლოს იმის მიუხედავად, ის გაიტანს თუ არა მზა მატერიალურ დოკუმენტს.

ამასთანავე, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, ელექტრონულ პორტალ my.gov.ge-ზე ატესტატის ელექტრონული ასლის ვალიდურობა გადაამოწმოს ელექტრონულ ატესტატზე მითითებული ინდივიდუალური ნომრის მეშვეობით.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – მატერიალური ატესტატის გაცემას 2013 წლიდან ახორციელებს. მიმდინარე წელს ატესტატების გაცემა 20 ივლისს დაიწყო.

ცხრა კლასდამთავრებულები ზოგადი განათლების ატესტატის თანაბარ დიპლომს მიიღებენ >>

სკოლადამთავრებულები სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ მზა დოკუმენტებს – ატესტატებს განაცხადის წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს, უფასოდ მიიღებენ. დოკუმენტის დაჩქარებული წესით აღების სურვილის შემთხვევაში კი დაწესებულია შესაბამისი საფასურები. ატესტატის საფასურის გადახდის გარეშე მისაღებად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

თემები:
განათლება საქართველოში (316)

მთავარი თემები