თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. აჭარისა და ქუთაისის შემდეგ მოსახლეობის უფასო ტესტირება კორონავირუსზე გურიაშიც დაიწყო. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა შეკვეთილის „მუსიკოსთა პარკში“ სპეციალური კარავი დაიდგა, სადაც უფასო PCR–ტესტირების გაკეთება შეიძლება, იუწყება „პირველი არხი“.
ადგილზე გურიის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების თანამშრომლები მუშაობენ.
„ვიმყოფებით შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში და სრულიად უფასოდ ვატარებთ მოსახლეობის ტესტირებას კორონავირუსზე. მოსახლეობის გატესტვა 17:00 საათზე დავიწყეთ და 20:00 საათზე დასრულდება“, – განაცხადა გუშინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმა არჩილ მჟავიამ.
გურიის რეგიონში, რომელიც ბოლო დრომდე „მწვანე ზონად" ითვლებოდა, კორონავირუსის უკვე 13 შემთხვევაა დაფიქსირებული. პირველი შემთხვევა 4 სექტემბერს დადასტურდა – ინფექცია ჩოხატაურში ახალგაზრდა ქალს დაუდგინდა, რომელიც ბათუმში ისვენებდა.