თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. შრომის ინსპექციამ ბათუმში შვიდი მარკეტი, სამი სარიტუალო დარბაზი და ორი სასტუმრო დააჯარიმდა, იუწყება „პირველი არხი“.
რესტორნების, ბარებისა და კაფეების მუშაობაზე შეზღუდვების მოხსნასთან ერთად მათთვის, მათი პერსონალისა და სტუმრებისთვის რიგი სავალდებულო მოთხოვნები შემუშავდა, რაც კორონავირუსის გავრცელების აღკვეთას ემსახურება. ახალი წესების შეუსრულებლობა ჯარიმით ისჯება. ობიექტებს შრომის ინსპექციის სპეციალისტები ამოწმებენ.
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, უწყებამ სასტუმროები, ქსელური მარკეტები, სარიტუალო დარბაზები და კვების ობიექტები შეამოწმა.
„ჩვენ შევამოწმეთ ქსელური მარკეტები, საცალო–საბითუმოს მიმართულებით რვა ქსელური მარკეტი შემოწმდა. შვიდი მათგანი დაჯარიმდა... ასევე გადამოწმდა რვა სასტუმრო, საიდანაც ორმა ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები და დაჯარიმდა 10 000 ლარის ოდენობით. ასევე დადგინდა, რომ სამმა სარიტუალო დარბაზმა აკრძალვების მიუხედავად განახორციელა სხვადასხვა ღონისძიება, რის გამოც სამივე მათგანი დაჯარიმდა. 17-მა ასეთი ტიპის დარბაზმა გაითვალისწინა მოთხოვნები და დაგეგმილი ღონისძიებები გააუქმა“, – განაცხადა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა.
ფერაძის თქმით, შემოწმებულმა კვების ობიექტებმა მოთხოვნები დააკმაყოფილეს.
საქართველოში კვების ობიექტებში შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა>>
„გუშინ ჩვენ მოვახდინეთ გეგმური ინსპექტირება 30 კვების ობიექტზე როგორც ბულვარის ტერიტორიაზე, ასევე სხვადასხვა ლოკაციაზე და დადგინდა, რომ ყველა აკმაყოფილებდა მოთხოვნებს. გრძელდება ზედამხედველობა და შემოწმდება ის ლოკაციები, სადაც ერთ სივრცეში ადამიანების დიდი კონცენტრირება ხდება, მათ შორის – სავაჭრო მოლები, ბაზრები, სპორტული დარბაზები“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.
მისივე ინფორმაციით, ამ დღეების განმავლობაში გააფრთხილეს 500 ობიექტი და მათ რეგულაციების დაცვის შესახებ მითითებები მისცეს.
ეპიდემიოლოგებმა აჭარას კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით „წითელი ზონა“ უწოდეს – ინფიცირების ახალი შემთხვევების დიდი ნაწილი სწორედ აქ გამოვლინდა.
საქართველოში ბოლო პერიოდში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად იმატა. დღეს 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – ასეთი მაღალი მაჩვენებელი აქამდე არ ყოფილა.
ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 1917 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 1354, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 19 ადამიანი.