04:38 27 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1819)
15020

ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, კინოთეატრების, თეატრებისა და ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნაც ნოემბრამდე გადაიდო.

თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში 10 სექტემბრიდან იუბილეების, ქორწილების, ქელეხებისა და სხვა სარიტუალო ღონისძიებების გამართვა იკრძალება, განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. 

გუშინ, 8 სექტემბერს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების დღე-ღამური რეკორდული მაჩვენებელი – 45 შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში პირველად მაღალი მაჩვენებელი 17 აპრილს დაფიქსირდა – 34 შემთხვევა. 2 სექტემბერს 38 შემთხვევა გამოვლინდა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოში ქორწილების, ქელეხების და მსგავსი ღონისძიებების  გამართვა მარტში აიკრძალა. თუმცა, საქართველოს უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 20 ივლისიდან ნებადართული გახდა სარიტუალო ღონისძიებების გამართვა ღია ცის ქვეშ, მაგრამ ერთი პირობით – დამსწრეთა რაოდენობა უნდა ყოფილიყო არაუმეტეს 100 ადამიანისა.

„ხვალიდან სოციალური ღონისძიებები აიკრძალება და მანამდე არსებულ შეზღუდვებს დავუბრუნდებით. მოგეხსენებათ, ეს შეზღუდვა დახურულ სივრცეში ისედაც მოქმედებდა, თუმცა ხვალიდან ე.წ. სოციალური ღონისძიებების აკრძალვა გავრცელდება ღია სივრცეებზეც", – განაცხადა მეზვრიშვილმა.

10 სექტემბრიდან ასევე იკრძალება კულტურული და სპორტული ღონისძიებების გამართვა, რომელშიც 200-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. 

მეზვრიშვილის თქმით, აღნიშნული წესების აღსრულება შესაბამის სანქციებს ითვალისწინებს და საზოგადოებამ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს.

ამასთან, რეკომენდებული არაა სკოლებში სადღესასწაულო ღონისძიებების გამართვა.

როგორც მეზვრიშვილმა განაცხადა, მოქალაქეებისთვის უმთავრესი მოთხოვნა სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადის ტარებაა.

გარდა ამისა, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე, კინოთეატრების, თეატრებისა და ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნაც 1 ნოემბრამდე გადაიდო.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსი 1773 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 1325, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 19 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 390 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1819)

მთავარი თემები