თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევიდან 12 საკონდიტრო „დონას" კლასტერს უკავშირდება, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.
რაც შეეხება დანარჩენ ინფიცირებულებს, სამი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, კიდევ სამი რუსთავის „ავერსის" კლინიკის თანამშრომელია, ორი „იმპორტირებული" შემთხვევაა, მათგან ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ოთხ პაციენტს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს. ხოლო ოთხი პაციენტის ინფიცირების წყარო დადგენილი არ არის.
ამ ოთხი პაციენტის ინფიცირების წყაროსა და კონტაქტების კვლევა ამ დრომდე მიმდინარეობს, აღნიშნა ეზუგბაიამ.
ამჟამად COVID–ცენტრებში 275 ინფიცირებული მკურნალობს. კრიტიკულია სამი პაციენტის მდგომარეობა, მძიმე მდგომარეობაშია 16 პაციენტი.
„რაც შეეხება ჩვენს სტაციონარს, გუშინ 14 დადასტურებული შემთხვევა გვქონდა, ორი გამოჯანმრთელდა, თუმცა, ორიც დაგვემატა და ჩვენ კვლავ 14 პაციენტი გვყავს. მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, კიდევ ერთი მძიმედ ფასდება, დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია", – განაცხადა ეზუგბაიამ.
გასულ დღე-ღამეში უშუალოდ აჭარაში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, იუწყება რეგიონის ჯანდაცვის უწყება. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 58 პაციენტი მკურნალობს, გასულ დღე-ღამეში სულ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა.
საქართველოში 2 სექტემბერს კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – 38 შემთხვევა. მათგან 22 ბათუმში არსებულ საკონდიტრო მაღაზია "დონას" უკავშირდება.
ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 1596-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1294, გარდაცვლილია 19 ადამიანი.
ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.