გამყრელიძემ საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების მატების მიზეზები დაასახელა

© Facebook / Government of Georgiaამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრმა ზრდამ ქვეყანაში ახალი შეზღუდვების დაწესების რისკი გააჩინა

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik.  საქართველოში შიდა ტურიზმის გახსნისა და ქვეყანაში მოქალაქეთა მობილობის ზრდის ფონზე COVID-19-ის შემთხვევების მატება მოსალოდნელი იყო, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. 

მოსახლეობის ტესტირება - Sputnik საქართველო
აჭარაში კორონავირუსზე მასობრივი ტესტირება იწყება

საქართველოში კორონავირუსული ინფექციის შემთხვევათა რეკორდული მაჩვენებელი - დღეში 38 შემთხვევა - დაფიქსირდა. ბოლოს ასეთი მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირებული იყო 16 აპრილს - 34 შემთხვევა.

გამყრელიძის თქმით, ეს რაოდენობა ჯანდაცვის სისტემისთვის კრიტიკული არ არის.

„ჩვენ 34 შემთხვევა აპრილშიც გვქონდა. პრინციპში, ეს პროგნოზირებადი იყო იმ თვალსაზრისით, რომ ქვეყანაში მობილობა სერიოზულად გაზრდილია. ზაფხულია, ქვეყანაში შიდა ტურიზმი სერიოზულად არის გაზრდილი. 38 შემთხვევა იქნება, 25, 30 თუ 50, ეს არ წარმოადგენს დიდ ტვირთს ჯანდაცვის სისტემისთვის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის განმარტებით, ამ ეტაპზე ვითარება სრულად მართვადი და კონტროლირებადია, მაგრამ ეს არ არის თვითდამშვიდებისა და იმის ილუზიის შექმნის საფუძველი, რომ ქართველებმა კორონავირუსი დაამარცხეს.

„არ დაგვიმარცხებია. ინფექცია ცირკულირებს ქვეყანაში, ამას ბევრი კვლევა და დაკვირვება ადასტურებს და თუ არ დავიცავთ ელემენტარულ რეკომენდაციებს, მაშინ ფართომასშტაბიანი გავრცელების საშიშროება დადგება“, - ხაზი გაუსვა მან.

დაწესდება თუ არა  ახალი შეზღუდვები?

როგორც გამყრელიძემ განმარტა, ქვეყანაში ახალი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება. მისი თქმით, მიუხედავად ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი მატებისა, საგანგაშო არაფერია და პანიკის საფუძველი არ არსებობს.

ბათუმი - Sputnik საქართველო
გახარია: ბათუმის ჩაკეტვა არ იგეგმება

„დიდი ალბათობით, ქვეყანაში არავითარი მკაცრი შეზღუდვები არ იქნება, ეს არა მარტო ჩვენი, არამედ საერთაშორისო პოლიტიკაცაა“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში PCR-ტესტი 386 ათას ადამიანს ჩაუტარდა.  ასევე მიმდინარეობს სწრაფი, ანტიგენზე და ანტისხეულებზე დამყარებული ტესტების გამოყენება - იგი 151 ათასმა ადამიანმა ჩაიტარა.

გამყრელიძემ ქვეყანაში ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ. მისი აზრით, კორონავირუსის ინფექცია წელიწადზე მეტხანს გაგრძელდება. ამიტომ ხალხი ამ ვირუსთან ერთად ცხოვრებას უნდა შეეჩვიოს, აღნიშნა მან.

„გთხოვთ და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ნუ მოვეშვებით. ქალაქში, თუ სხვაგან ვხედავთ, რომ ადამიანები უკვე ტრანსპორტში ნაკლებად იცავენ წესრიგს, ნაკლებად დადიან პირბადით, ასევე დახურულ შენობებში. ისევ და ისევ ადგილი აქვს დიდ თავყრილობებს სხვადასხვა მიზეზით“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

როდის მიიღებს საქართველო ვაქცინას?

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველომ უკვე გააკეთა განაცხადი ვაქცინის გლობალურ ალიანსში. ხელისუფლებამ ვაქცინა დაახლოებით  700 ათასი ადამიანისთვის შეუკვეთა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 20%-ია.

„18 სექტემბერს ხელშეკრულება უკვე გაფორმდება  და 8 ოქტომბრამდე გადაირიცხება პირველი შენატანი, რაც გარანტია იქნება იმის, რომ როდესაც ვაქცინა სხვადასხვა მარეგულირებელი ორგანიზაციებისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცდება, ის ხელმისაწვდომი იქნება ჩვენი მოსახლეობისთვისაც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, რისკ-ჯგუფებისთვის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ყველა ახალი ამბავი
0