თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი საპროტესტო აქციისთვის ემზადება

გამოწერა
ოჯახს გამოძიებასთან კონკრეტული კითხვები აქვს, რომელზეც საფუძვლიან პასუხებს ითხოვს. 30 აგვისტოს დაგეგმილი აქცია მშვიდობიანი იქნება.

თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. გარდაცვლილი პროგრამისტის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი კვირას  პროკურატურის შენობასთან საპროტესო აქციის გამართვას გეგმავს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აქტიურად სწავლობს საქმის მასალებს, მათ შორის ვიდეოჩანაწერებს, რომლებზეც აღბეჭდილია ბაჩალიაშვილის ავტომობილის გადაადგილება. მან ადრე განაცხადა, რომ კადრებში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ის) ავტომობილები ფიგურირებს. 

საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო
ბაჩალიაშვილის საქმეში სუს-ის სამი ჯიპი გამოჩნდა

მიხეილ რამიშვილი მოითხოვს, რომ მას სუს-ის ავტომობილების გადაადგილების ერთკვირიანი მარშრუტის ჩანაწერი გადასცენ, კერძოდ, იმ პერიოდის, როდესაც ბაჩალიაშვილის ძებნა მიმდინარეობდა.

ადვოკატი ასევე ცდილობს გაარკვიოს, საიდან გაჩნდა საქმეში მანამდე მოწმის სახით არსებული ორი მწყემსის ნაცვლად, რომლებმაც გოგონას მანქანა იპოვეს, სამი თუ ოთხი მწყემსი.

„თუ აქამდე ორი მწყემსი ფიგურირებდა, ახლა მათი რაოდენობა სამი თუ ოთხი გახდა. ჩვენი აქცია მშვიდობიანი იქნება“, – განაცხადა რამიშვილმა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთი დღის ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს რაიონში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის სახლიდან 18 ივლისს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ოჯახი გოგონას დაღუპვას მის საქმიანობას უკავშირებს და ძირითადი ვერსიის – თვითმკვლელობის არ სჯერა.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით: „თავისუფლების უკანონო აღკვეთა“ და „თვითმკვლელობამდე მიყვანა“.

ადრე შსს-მ გოგონას კუთვნილი ნოუთბუქის ექსპერტიზის შედეგები გაასაჯაროვა, რომლის თანახმადაც გოგონა სუიციდზე ფიქრობდა და თვითმკვლელობის მეთოდების შესახებ ინფორმაციას ეძებდა. გარდა ამისა, მის ცხედართან ნაპოვნია ბარათი ჩანაწერით, რომ საბანკო ანგარიშზე თანხაა. ამ ანგარიშზე 75 ათასი ლარი აღმოჩნდა.

ყველა ახალი ამბავი
0